ირაკლი იაშვილი – თუ კეზერაშვილები და მსგავსი ხალხი დაბრუნდება, დაიწყება ბიზნესების გადაფორმების სერია და ქვეყანა ჩამოიშლება

21:43, 30.10.2018

თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნება უდრის იმას, რასაც აკეთებდნენ თავისი მმართველობის პერიოდში, ეს კატასტროფა იქნება, ქვეყანა ჩამოიშლება, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, „ისთ გეით ჯგუფის“დამფუძნებელმა ირაკლი იაშვილმა „კომერსანტთან“  ინტერვიუში განაცხადა.

მისი შეფასებით, წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით რთულია საუბარი, თუმცა, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გაიმარჯვა, მაშინ მეხსიერებაში ის პრობლემები ამოიწევს, რაც ბიზნესს მათი მმართველობის პერიოდში ჰქონდა.

„თუ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება უდრის იმ პრობლემების უკან დაბრუნებას, რაც მაშინ იყო, ეს საშინელებაა. განცხადებების დონეზე, რასაც მე ვისმენდი, ტოლობის ნიშანი არ არის. ამბობენ, გავითვალისწინეთ ის შეცდომებიო. თუმცა, მნიშვნელოვანი რა არის იცით? ის შეცდომა კი არა, ბოროტება იყო“, – განმარტავს იაშვილი.

დავით უსუფაშვილს რომ გაემარჯვა, ჩემთვის გასაგები იქნებოდა, რომ რყევები არ იქნებოდა. ამ შემთხვევაში, თუ გაიმარჯვა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნიშნავს იმას, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნების ალბათობა გაიზარდა. თუ მათი მობრუნება უდრის იმას, რასაც აკეთებდნენ თავისი მმართველობის პერიოდში, ეს კატასტროფა იქნება, ქვეყანა ჩამოიშლება. კეზერაშვილები და მსგავსი ხალხი თუ დაბრუნდა უკან და ბიზნესების გადაფორმებების სერია ისევ დაიწყო, ამის წარმოდგენაც არ მინდა“, – აცხადებს იაშვილი.

როგორც იაშვილი აცხადებს, ქვეყანაში დაგროვდა ბევრი საკითხი, ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი და არჩევნების დროს ამოხეთქა.

„მოსახლეობამ წითელი არა, მაგრამ ყვითელი ბარათი ნამდვილად აჩვენა „ქართულ ოცნებას“. მეორე ტურში ოპოზიციურმა კანდიდატმა თუ გაიმარჯვა, წითელი ბარათი ეს იქნება. ამას კი ძალიან მძიმე გაგრძელება მოჰყვება“, – აცხადებს იაშვილი.

მსგავსი