ირაკლი იაშვილი მამუკა ხაზარაძეს პასუხობს - არ შეიძლება, აყვედრო ადამიანებს შენი გაკეთებული საქმე, დაუშვებელია, სკოლის კურსდამთავრებულებს შენს სასარგებლოდ პოლიტიკაში ჩართვა და მხარდაჭერა აიძულო
ირაკლი იაშვილი მამუკა ხაზარაძეს პასუხობს - არ შეიძლება, აყვედრო ადამიანებს შენი გაკეთებული საქმე, დაუშვებელია, სკოლის კურსდამთავრებულებს შენს სასარგებლოდ პოლიტიკაში ჩართვა და მხარდაჭერა აიძულო

ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პარლამენტის სხდომაზე გამოსვლას და მის მიერ ამერიკულ აკადემიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ირაკლი იაშვილი აღნიშნავს, არ შეიძლება, აყვედრო ადამიანებს შენი გაკეთებული საქმე.

„დღეს პარლამენტში გამოსვლისას ბატონ ხაზარაძეს უბრძანებია, რომ ის ამერიკული სკოლა თქვენ რომ მოგწონთ და შვილებს ასწავლითო, ჩემი, ბადრისა და ჭუტას დაფუძნებულიაო!!!! ამ საკითხს მინდა, გამოვეხმაურო: 20 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს სკოლა შეიქმნა. ამ პერიოდის განმავლობაში არასოდეს, ვიმეორებ, არასოდეს საჯაროდ არ დაგვიფიქსირებია მე და კიდევ რამდენიმე ადამიანს(დავით დუმბაძე, ლევან გაჩეჩილაძე, ანტონ ინგოროყვა და ა.შ.), რომ ოცი წლის წინ სერიოზული კონტრიბუცია გვაქვს გაღებული ამ სკოლისთვის! უფრო მეტიც, არც მაშინ მოგვითხოვია ჩვენი სპონსორობა რაიმენაირად დაფიქსირებულიყო! მიგვაჩნდა მაშინაც და მიგვაჩნია ახლაც, რომ აუცილებელ და უაღრესად მნიშვნელოვან საქმეს ვუდგებოდით გვერდში და ამიტომ არ ჩავთვალეთ საჭიროდ მოგვეთხოვა ჩვენი სახელების სადმე დაფიქსირება!!! არ მოგვითხოვია დამფუძნებლობა, დივიდენდები, პატივი, მოწაფეების და მათი მშობლების მადლიერება და ა.შ! დღეის მდგომარეობით გვაქვს ასეთი სურათი – 20 წელია, სკოლა წარმატებით ფუნქციონირებს, ჩვენ შესახებ არავინ არაფერი არ იცის, არც მოსწავლემ, არც მასწავლებელმა, არც მშობელმა,მათ შორის,არც თქვენ, მეგობრებო და დღეს ვისმენთ, რომ, თურმე, მხოლოდ დღეს ჩამოთვლილი სამი კაცი ყოფილა ამ საქმის გამკეთებელი!!! დღესაც მწამს, რომ სიკეთე ჩუმად უნდა გააკეთო, მაგრამ დღეს დავინახე, რომ ამ კონკრეტულ საკითხში ასე აღარ გამოვა!!!

არ შეიძლება, აყვედრო ადამიანებს შენი გაკეთებული საქმე!!! არ შეიძლება!!! განსაკუთრებით, არ შეიძლება და დაუშვებელია, სკოლის კურსდამთავრებულებს შენ სასარგებლოდ პოლიტიკაში ჩართვა და მხარდაჭერა აიძულო!!!(დოკუმენტური მტკიცებულება არსებობს ამის)

კიდევ ბევრი რამე არ შეიძლება, მაგრამ, ეს იქით იყოს!!! მოკლედ, ასეა ეს ამბავი, მეგობრებო!!!“, – წერს ირაკლი იაშვილი.

„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და მათ შორის დაასახელა ამერიკული აკადემია.

„თქვენი შვილები, ნათესავების შვილები სწავლობდნენ ამერიკულ აკადემიაში, რომელიც უკვე 20 წლის არის. მე ვარ ბედნიერი, რომ გივი ზალდასტანიშვილის თაოსნობით მე, ავთო წერეთელი, ბადრი ჯაფარიძე… ამერიკული აკადემია არის უნიკალური სკოლა, რომლის კურსდამთავრებულებმა 60 მილიონი დოლარი სტიპენდია მოიპოვეს თავისი სწავლების განმავლობაში აშშ-ისა და ევროპის ყველაზე მაღალ უმაღლეს სასწავლებლებში“, – განაცხადა ხაზარაძემ.