ირაკლი ღარიბაშვილსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ირაკლი ღარიბაშვილსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესცენტრი ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტ ერდოღანს თურქეთში ხანძრების შედეგად გამოწვეული მსხვერპლისა და ზიანის გამო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და მხარდაჭერა აღუთქვა.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერის პრესცენტრის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს უკვე დაავალა, საჭიროების შემთხვევაში, მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთის რესპუბლიკას სათანადო დახმარება აღმოუჩინონ.

ასევე, სატელეფონო საუბრისას, ყურადღება გამახვილდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტზე ანკარაში, რომელიც 1 ივნისს შედგა. მთავრობის მეთაურმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტმა ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთში კიდევ ერთხელ მიიწვია. ხაზი გაესვა მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს სხდომის ახლო მომავალში გამართვის აუცილებლობას, რომელიც ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხების განხილვისთვის უმნიშვნელოვანეს ფორმატს წარმოადგენს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის განვითარების პერსპექტივასა და მნიშვნელობაზე.