ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა.

ირაკლი ღარიბაშვილმა უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ ელგუჯა ბიბინიძეს, ამავე ცენტრის მძღოლს კაპრალ-სპეციალისტ ირაკლი დევრისაშვილს და აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის კაპრალ-სპეციალისტ გოჩა ნონაშვილს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები „სიცოცხლის გადარჩენისთვის“ გადასცა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებმა მოქალაქეები დაღუპვას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინეს.

„ვიცე-პოლკოვნიკმა ელგუჯა ბიბინიძემ და კაპრალმა დევრისაშვილმა არხში ჩავარდნილი ავტომანქანიდან ასაკოვანი მოქალაქე გადმოიყვანეს, პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და მის გადასარჩენად ყველა შესაბამისი ზომა მიიღეს. კაპრალმა გოჩა ნონაშვილმა კი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მანქანიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოთხი მგზავრი ამოიყვანა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე პირველადი დახმარება აღმოუჩინა“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი