ირაკლი ღარიბაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა
ირაკლი ღარიბაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, თეა ახვლედიანთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების – როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში არსებული პრიორიტეტები და განსახორციელებელი გეგმები. ყურადღება დაეთმო „საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030-ის“ იმპლემენტაციის დინამიკას.

მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა და მოადგილეებმა მთავრობის მეთაურს ინფორმაცია მიაწოდეს ყველა იმ ძირითადი ინიციატივის, პროგრამისა და პროექტის თაობაზე, რომლებიც მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელდება.

„სამუშაო თათბირზე აღინიშნა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა, ასევე ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის შერიგება და ნდობის აღდგენა რჩება.

შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება ხალხთაშორისი კონტაქტების, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას, როგორც საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მიერ მხარდაჭერილი პროექტების მეშვეობით. ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარების, ხელოვნურად დაწესებული შეზღუდვებისა და მძიმე უფლებრივი მდგომარეობის, ასევე კოვიდპანდემიის შედეგად გამოწვეული შეფერხებების მიუხედავად, ამ დრომდე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხრიდან მსგავსს ინიციატივებსა და პროექტებში ჩართვის ინტერესი და სურვილი მზარდია“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2023 წელს გაგრძელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომელიც წარიმართება სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით.

„საგულისხმოა, რომ რეგიონში მკვეთრად შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, აღნიშნული პროცესი არსებითად უკავშირდება, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, თემატურად დაკავშირებული დოკუმენტების ახალ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიმდინარეობას.

ამასთან, ახალი სტრატეგიის დამტკიცებამდე, გაგრძელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკისა და სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში უკვე ამოქმედებული და ახლად შემუშავებული მექანიზმების განხორციელება“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ოკუპირებულ რეგიონებზე შეზღუდული წვდომის პირობებში, გადაიდგმება ნაბიჯები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი სერვისებისა და პროგრამების თაობაზე.

„2023 წელს გააქტიურდება ძალისხმევა გამყოფი ხაზების ორივე მხარეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მეტად განვითარების მიზნით, მათ შორის, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში მოქმედი უნიკალური ინსტრუმენტის – „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ მეშვეობით, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით ოპერირებს. ფონდის მიერ ამ დრომდე უკვე დაფინანსდა 75 ერთობლივი ბიზნესპროექტი.

სამშვიდობო ინიციატივის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ხარისხიანი განათლების ყველა საფეხურზე წვდომა, არსებული საშეღავათო პროგრამების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და შემდგომი დახვეწის გზით.

გაგრძელდება და მეტად გაფართოვდება ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის უფასო ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა როგორც ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამის ფარგლებში (რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 1500 ბენეფიციარს ემსახურება), ასევე ადგილზე არსებული პირველადი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილების გზით.

საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და მათი ოჯახების თანადგომის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის შემდგომი გაზრდის მიზნით, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის რეკომენდაციების თანახმად, ეტაპობრივად გაიზრდება პროგრამის განხორციელებაში ჩართული შესაბამისი სახელმწიფო უწყებების როლი და მნიშვნელობა, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში, მიმდინარეობს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა და არსებულ საჭიროებებზე რეაგირება, ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური, სასოფლო-სამეურნეო, საგანმანათლებლო და სხვა შესაბამისი პროგრამების განხორციელების გზით, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 2022 წელს 85 მილიონი ლარი შეადგინა. ამ კუთხით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით, კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გაგრძელდება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანკარში 28 დაზიანებული სახლის აღდგენის სამუშაოები, რის შედეგადაც მოსახლეობას მიეცემა საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა.

შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ინკლუზიური პროცესის უზრუნველსაყოფად გაგრძელდება სამშვიდობო პროცესში ქალთა მნიშვნელოვანი ჩართულობისა და როლის გაძლიერება, ასევე მეტად განვითარდება თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, მათ შორის სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა და  ქალთა საკონსულტაციო პლატფორმის ფარგლებში“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გაფართოვდება სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 2022 წელს ამოქმედებული ახალი ინიციატივა „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ და გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერების მიზნით.

„სამუშაო თათბირზე, ასევე, განიხილეს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების დინამიკა და სამომავლო გეგმები, რაც კულტურულად მრავალფეროვანი და დემოკრატიული საზოგადოების შემდგომი განმტკიცებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

კერძოდ, განხილულ იქნა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებების ფარგლებში დაგეგმილი ქმედითი ნაბიჯები, რაც ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოქალაქეებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებას, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, სამოქალაქო, პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში მონაწილეობის გაზრდას და კულტურათაშორისი დიალოგის შემდგომ განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს ეფექტიანი სამოქალაქო თანასწორობის უზრუნველყოფას და საზოგადოებაში საინტეგრაციო პროცესების განმტკიცებას. აღინიშნა, რომ 2023-24 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული თითოეული ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებისკენ მიმართული მიზნობრივი პროგრამების განხორციელებაზე.

ხაზი გაესვა, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება და პოპულარიზაცია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. ამ მიზნით, აქტიურად გაგრძელდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ქართული ენის შემსწავლელი უფასო პროგრამებისა და კურსების განხორციელება როგორც რეგიონულ სასწავლო ცენტრებში, ასევე დისტანციურ ფორმატში და ადგილზე მობილური ჯგუფების საშუალებით. სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები კი კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

კვლავ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას. ამ მიზნით დაგეგმილია რიგი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის:

· არაქართულენოვან სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბილინგვური პროგრამის განვითარება და განხორციელების არეალის გაფართოება, სასწავლო რესურსების შემდგომი განვითარება და მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება როგორც საგნობრივი მიმართულებით, ასევე სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან გარდატეხას მოახდენს როგორც ეთნიკური უმცირესობების სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის, ასევე სკოლების ინფრასტრუქტურის სრულყოფის კუთხით;

· გაგრძელდება მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების მშობლიური ენების – ოსური, ასურული, ჩეჩნური, უდიური, ხუნძური – სწავლების ხელშეწყობა;

· არაქართულენოვანი ახალგაზრდების საჭიროებებთან შესაბამისობაში უკეთ მოყვანის მიზნით, მიმდინარეობს პროფესიული და უმაღლესი განათლების სპეციალური პროგრამების განახლება და განვითარება;

· მეტად მასშტაბური გახდება ე.წ. „1+4 საგანმანათლებლო პროგრამის“ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საჯარო სექტორში სტაჟირების სპეციალური პროგრამის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების პროფესიული უნარების განვითარებას, საჯარო სფეროში მუშაობის გამოცდილების შეძენასა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობას.

სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის ხელშესაწყობად ძალისხმევა მიმართული იქნება ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობით მოქმედი საკონსულტაციო მექანიზმების ეფექტიანობის გაძლიერებაზე; ასევე, მიმდინარე საჭიროებების საპასუხოდ შესაბამის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და ცნობიერების ამაღლებაზე. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში წარიმართება ფართომასშტაბიანი საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიები სამართლებრივ საკითხებზე, ქალთა გაძლიერების, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის, მედიაწიგნიერების, ევროპული და ევროატლანტიკური პროცესებისა და სხვა აქტუალურ თემატიკაზე. ამასთან, არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმირების მიზნით სახელმწიფოს დაფინანსებით გაგრძელდება სომხურენოვანი გაზეთის, „ვრასტანის“ და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთის, „გურჯისტანის“ გამოცემა.

ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშესაწყობად პრიორიტეტული იქნება სახელმწიფო პროგრამებისა და მომსახურებების შესახებ ინფორმაციის პროაქტიური მიწოდება.

კულტურათაშორისი დიალოგის პრიორიტეტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენას, მათ შორის სხვადასხვა ეთნოსის თეატრების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების საქმიანობის, საზოგადოების სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლების მონაწილეობით ერთობლივი კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული პროგრამებისა და  ღონისძიების მხარდაჭერის გზით“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო მინისტრსა და მის მოადგილეებს ახალი დავალებები მისცა.