ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის ვიქტორია ჰორვატს მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაურმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა და ელჩს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პანდემიასთან ბრძოლის პროცესში უნგრეთმა საქართველოში მედიკამენტების ექსპორტს შეუწყო ხელი, რაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება იყო.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში უნგრეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთი საქართველოს აქტიურ დახმარებას გააგრძელებს ევროპული რეფორმების დღის წესრიგის წარმატებით შესრულების მიმართულებით.
პრემიერ-მინისტრმა უნგრეთის ელჩთან შავი ზღვის ეკონომიკური პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა მეტ ევროპულ ინვესტიციას ელოდება აღნიშნული პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ და ევროკავშირმა უნიკალური პარტნიორობა განავითარეს. მისი თქმით, საქართველომ დადო ამბიციური პირობა, რაც გულისხმობს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ისე გაძლიერებას, რომ ქვეყანა 2024 წელს მზად იყოს ევროკავშირში წევრობის შესახებ განაცხადის შეტანისთვის.