ირაკლი ღარიბაშვილმა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს უმასპინძლა
ირაკლი ღარიბაშვილმა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს უმასპინძლა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თაჩან ილდემს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიულ ასპექტებს, საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესსა და ნატო-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს კონტრიბუციას.

მინისტრმა და ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, თანამედროვე გამოწვევებსა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე.

შეხვედრას დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი და საქართველოს ელჩი ნატოში ალექსანდრე მაისურაძე.

დატოვე კომენტარი