ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას მიმართა - უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა, რომ მათი სურვილი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსა და მოლდოვაში, როგორ არ გიჩნდებათ ემოცია ან პროტესტი
ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას მიმართა - უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა, რომ მათი სურვილი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსა და მოლდოვაში, როგორ არ გიჩნდებათ ემოცია ან პროტესტი

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა, რომ მათი სურვილი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსა და მოლდოვაში, როგორ არ გიჩნდებათ ელემენტარული ემოცია ან პროტესტი, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას პარლამენტში, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ.

მისივე განცხადებით, ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, ვის ემსახურებიან – საქართველოს თუ სხვა სახელმწიფოს ან სახელმწიფოებს.

„სამწუხაროდ, მოვისმინეთ მორიგი აღიარება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, თუ რა ხდება რეალურად და რატომ არის ეს აჟიოტაჟი არაფრისგან გამოწვეული. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც არ არის ჩვეულებრივი პიროვნება, გამოვიდა და თქვა, რომ ასე ვთქვათ, მათი სურვილი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსა და მოლდოვაში. ადამიანმა საუბრისას თქვა, რომ არა მხოლოდ მათი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, არამედ მეორე ფრონტი უნდა იყოს საქართველოსა და მოლდოვაშიო. მოგმართავთ თქვენ, ამ შემთხვევაში, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, როგორ არ გიჩნდებათ ელემენტარული ემოცია, პროტესტი ან რაღაც, რომ ამის შემდეგ კიდევ იმავეს აგრძელებთ. მინდა, შეგახსენოთ, თუ არ ვცდები არესტოვიჩმა თქვა, რომ ეს მთავრობა არ არის ომის მთავრობა. აქვე მოიყვანა მაგალითი, დღეს სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, რუსეთთან ომს გამართავდაო და დღეს ეს ხელისუფლება არ წავიდა ომზე რუსეთთანო. ეს ფაქტობრივად მეორე აღიარებაა. თქვენგან ნული, არავითარი რეაქცია, რეაგირება, პროტესტი არ გამიგონია. საერთოდ ჩამოყალიბდით, ვის ემსახურებით – ემსახურებით საქართველოს, ემსახურებით სხვა სახელმწიფოს თუ სახელმწიფოებს. ამაზე გიფიქრიათ ოდესმე? ეს არის მთავარი კითხვა და ყველამ ამაზე უნდა გასცეს პასუხი“, – აღნიშნა პრემიერმა.