ირაკლი ღარიბაშვილმა ნიდერლანდების ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ირაკლი ღარიბაშვილმა ნიდერლანდების ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მააიკე ვან კოლდამთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.

„შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მააიკე ვან კოლდამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.