ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს ეროვნული გვარდიის 29 წლის იუბილე მიულოცა
ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს ეროვნული გვარდიის 29 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს ეროვნული გვარდია დაარსებიდან 29 წლის იუბილეს აღნიშნავს. თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს იუბილე მიულოცა და სიტყვით მიმართა.

მან ყურადღება ქმედით და ეფექტიან რეზერვის ჩამოყალიბებაზე გაამახვილა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებს შეეხო, რაც ჯარისკაცებისთვის პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.

„ეროვნული გვარდია თავდაცვის ძალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ქმედითი და ეფექტიანი რეზერვის სისტემის ჩამოყალიბება გვარდიის უმთავრესი ამოცანაა. ძლიერი რეზერვი ძლიერი თავდაცვის გარანტიაა. ჩვენ გავაძლიერებთ არსებულ რეფორმას და შევქმნით რეზერვის ისეთ სისტემას, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაში ქვაკუთხედი გახდება“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა.

ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა საქართველოს მთლიანობისათვის თავდადებულ გვარდიელთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო. დღესვე ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები საშტატო ცეცხლსასროლი იარაღებით და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრთან ერთად თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ეროვნული გვარდიის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, ODC-სა და Valiant-ს წარმომადგენლები, საფრანგეთის თავდაცვის ატაშე და ვეტერანი გვარდიელები დაესწრნენ.

საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს დაარსდა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. დღეს გვარდიელები მონაწილეობას იღებენ ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.