ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ პოლიტიკური პროცესები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს
ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ პოლიტიკური პროცესები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები იყო საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობა, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და მიმდინარე პოლიტიკური პროცესი.

„მთავრობის მეთაურმა დევიდ მაკალისტერთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს გამოწვევაზე – ტერიტორიების ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. საუბარი შეეხო ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის იმპლემენტაციის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წლიურ ანგარიშს, რომელშიც შეფასებულია რუსეთის ქმედებები და საოკუპაციო პოლიტიკა. დევიდ მაკალისტერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე – ქვეყნის ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარებისადმი.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ევროკავშირის მედიაციაზე დიალოგის პროცესში. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი კომპრომისის მიღწევისა და პროცესების პარლამენტში გადატანის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ევროკავშირის ჩართულობა დიალოგის პროცესში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში სტაბილურობა ევროპელი პარტნიორებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.