ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ერთხმად აღიარებს რეფორმებსა და პროგრესს, რომელსაც მივაღწიეთ
ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ერთხმად აღიარებს რეფორმებსა და პროგრესს, რომელსაც მივაღწიეთ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის რანგში ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრა ბრიუსელში პირველად გამართა.

მინისტრმა იენს სტოლტენბერგს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტი საქართველოში შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ალიანსის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირებაა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ორმხრივ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიდგომაზე ნატო-სთან ყველა არსებული მექანიზმის წარმატებულ იმპლემენტაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), როგორც თანამშრომლობის მთავარი ინსტრუმენტი, საქართველოს ალიანსის წევრობისთვის ამზადებს.

ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში, სადაც ავღანეთთან მიმართებაში არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებსა და საკითხის მოგვარების გზებზე იმსჯელეს. ამავე შეხვედრაზე RSM-ში მონაწილე ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველო, რომელიც ნატო-ს სანდო პარტნიორი და ალიანსის მომავალი წევრია, საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში კონტრიბუციას იმავე რაოდენობით გააგრძელებს.

ბრიუსელში გამართული მინისტერიალის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი უცხოელ კოლეგებსაც შეხვდა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ფინეთის, პოლონეთის, გერმანიის, შვედეთის, უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრებთან ერთად იმსჯელა. აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატო-ში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელთან, ელჩ ქეი ბეილი ჰაჩისონთან ისაუბრა.

„დღეს მქონდა შეხვედრები ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ბატონ სტოლტენბერგთან. მქონდა შეხვედრები ასევე ჩემს კოლეგებთან. ყველა ერთხმად აღიარებს რეფორმებსა და პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. ძალიან წარმატებით მიმდინარეობს ჯეიტეკის ფუნქციონირება საქართველოში, ნატო-ს წევრი ქვეყნების ექსპერტები არიან ჩართული ამ პროცესში. ისინი ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევენ ჩვენ და ჩვენს უწყებას და ზოგადად, საქართველოს. ყველა ჩვენი კოლეგა დიდი მადლიერებით აღნიშნავს იმას, რომ ჩვენი გმირი სამხედროები იბრძვიან ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთში და იცავენ მშვიდობას და უსაფრთხოებას. შესაბამისად, ჩვენი სამხედროების წვლილი და მათი როლი ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაში არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.