ირაკლი ღარიბაშვილი - ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, უნდა მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები
ირაკლი ღარიბაშვილი - ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, უნდა მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, არის ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია და წამლების ფასები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, წამლების ფასი ქვეყანაში ძალიან გაზრდილია და ყველა სტატისტიკა ამაზე მეტყველებს.

„ამის თაობაზე ყველა უკიდურესად შეწუხებული და შეშფოთებულია. მქონდა არაერთი საუბარი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც მუშაობს აღნიშნულ ანგარიშზე. მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს წარმოგვიდგენს უახლოეს რამდენიმე დღეში. ასევე, მინდა, დავავალო ჯანდაცვის მინისტრს, მასთან მჭიდრო კოორდინაციაში ვიყოთ და დროულად წარვუდგინოთ საზოგადოებას არსებული ვითარების ანალიზი და შემდეგ რეალურად გამოსავლის გზები დავსახოთ.

არ მინდა, წინასწარი დასკვნები გავაკეთო, მაგრამ არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. არც ერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება. ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში, რადგან ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დატოვე კომენტარი