საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდა, რომელიც საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის – „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში იმყოფებოდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მხარეებმა პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ვლადიმირ ზელენსკიმ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და უკრაინის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.