ირაკლი ღარიბაშვილი ვენჩურული საინვესტიციო ფონდის, Catapult VC-ის დამფუძნებელს და მმართველ პარტნიორს, ჯონათან თაუერს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ვენჩურული საინვესტიციო ფონდის, Catapult VC-ის დამფუძნებელს და მმართველ პარტნიორს, ჯონათან თაუერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვენჩურული საინვესტიციო ფონდის, Catapult VC-ის დამფუძნებელს და მმართველ პარტნიორს, ჯონათან თაუერს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 50 მილიონიან ფონდზე, Catapult Georgia One-ზე, რომელიც საქართველოში დაფუძნებული პირველი ვენჩურული საინვესტიციო ფონდი იქნება.

„აღინიშნა, რომ ფონდი ინვესტიციას განახორციელებს ქართულ ინოვაციურ სტარტაპ-კომპანიებში და ხელს შეუწყობს მათ სწრაფ ზრდას გლობალურ ბაზარზე.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ვენჩურული საინვესტიციო ფონდი ქვეყნის რეგიონულ ინოვაციურ ჰაბად ჩამოყალიბებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფონდს საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერა ექნება და მასში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად ინოვაციების სააგენტოც იქნება წარმოდგენილი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, გლობალური კონკურენციის პირობებში, ინოვაციების უფრო სწრაფად განვითარების მნიშვნელობას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ყურადღება დაეთმო ქართული სტარტაპების წარმატებას და აღინიშნა, რომ საქართველოს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების შექმნის კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს.

Catapult-ი ვენჩურული კაპიტალის ფონდია, რომელიც სპეციალიზებულია სილიკონის ველის მიღმა  ტექნიკურ ჰაბებში ინვესტირებაში. ფონდმა 15-ზე მეტი წლის განმავლობაში 220 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტირება განახორციელა 100-ზე მეტ კომპანიაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას Startup Grind Tbilisi-ის დირექტორი ქოლინ მაიკლ დონოჰიუ, US Market Access Center – ის თანადირექტორი კრისტოფერ მილტონ ბარი, ხოლო საქართველოს მხრიდან – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.