ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანში მე-4 მექანიზებული და მე-5 საარტილერიო ბრიგადები მოინახულა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.
თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცებს პირობების გაუმჯობესების შესახებ საკუთარი გეგმა გააცნო, რაც ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად ყველა სამხედრო ნაწილში ყაზარმების გარემონტებას ითვალისწინებს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კვების, დაზღვევის, სამხედრო უნიფორმის, სრული ეკიპირების ხარისხის გაუმჯობესებაც მოხდება. პირველი ნოემბრიდან კი, სამხედროების ხელფასები გაიზრდება.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხედრო ნაწილების დათვალიერების შემდეგ თავდაცვის მინისტრი მე-4 ბრიგადის სასადილოშიც იმყოფებოდა, სადაც მან ჯარისკაცებთან ერთად ისადილა. ერთ-ერთი პრობლემა, რაზეც სამხედრო მოსამსახურეებმა ისაუბრეს, ტრანსპორტირების საკითხი იყო. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების ტრანსპორტირების პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.
ვაზიანის სამხედრო ბაზებზე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად იმყოფებოდა.