ირაკლი ღარიბაშვილი - ურბანული განახლების პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის მხრიდან და სამუშაოები ივლისში დაიწყება
ურბანული განახლების პროექტი არის მხარდაჭერილი ევროკავშირის მხრიდან და სამუშაოები უკვე დაიწყება ივლისის თვეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, ურბანულ განახლებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, 63 მუნიციპალიტეტში დაიწყება სამუშაოები და წლის ბოლომდე დასრულდება ერთი ეტაპი. პრემიერის თქმით, შემდეგი ეტაპი გაგრძელდება უკვე 2022 წლიდან.
„აქ რამდენიმე შეკითხვა დაისვა ურბანულ განახლებასთან დაკავშირებით, მთავარი იდეა არის შემდეგი, რომ მოხდეს ყველა მუნიციპალიტეტის, ჯერ ცენტრების, რეკრეაციული სივრცეების კულტურული მნიშვნელოვანი ისტორიული შენობების რეაბილიტაცია, განახლება, გალამაზება. ამაში ჩაერთვება კერძო სექტორიც, მოეწყობა ისე, როგორც თბილისში და ყველგან დიდ ქალაქებში, კაფეები რესტორნები და სხვა ტურისტული ატრაქციები. ვფიქრობთ, რომ ეს არის პროცესი რომელიც უნდა გაგრძელდეს, ეს პროექტი არის მხარდაჭერილი ევროკავშირის მხრიდან, ურბანული განახლების პროექტი. კითხვა დაისვა, როდის დაიწყება ეს სამუშაოები, სამუშაოები უკვე დაიწყება ივლისის თვეში, ყველა მუნიციპალიტეტში, 63 მუნიციპალიტეტში დაიწყება სამუშაოები და წლის ბოლომდე დასრულდება ეს ერთი ეტაპი, შემდეგი ეტაპები გაგრძელდება უკვე 2022 წლიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.