ირაკლი ღარიბაშვილი - უნდა დავანგრიოთ მითები, რომლებიც აფერხებს განვითარებას, ეკონომიკის ზრდის სიკეთეები უნდა შეეხოს არა ერთეულებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს
ირაკლი ღარიბაშვილი - უნდა დავანგრიოთ მითები, რომლებიც აფერხებს განვითარებას, ეკონომიკის ზრდის სიკეთეები უნდა შეეხოს არა ერთეულებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს

მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად, მთელი ჩემი აქცენტი იქნება გადატანილი ახალ ინიციატივებზე, ახალ პროგრამებზე, რომლებსაც 100 დღის განმავლობაში წარმოგიდგენთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს, მოდი, ვთქვათ, 30 წელია, ერთ წრეზე ვტრიალებთ ქვეყანა. სიტყვა გარღვევა ვახსენე. გარღვევას ვერ მივაღწიეთ. ჩვენ არაერთი ფასადური განახლების, არაერთი ფასადური რეფორმის მომსწრე გავხდით წინა ხელისუფლების დროს და ის დესტაბილიზაციის ქმედებები, რაც დღეს მიმდინარეობს ქვეყანაში, არის მიზანმიმართული ქმედება სახელმწიფოს დასუსტების მიზნით. ვფიქრობ, ის ფასადური მითები უნდა დავანგრიოთ, რომლებიც ათწლეულებია, აფერხებს ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების განვითარებას. შეიძლება, ითქვას, მაგალითად, ასეთი მითია სუსტი სახელმწიფოს იდეა, მცირე სახელმწიფოს იდეა, რომელიც გულისხმობს, რომ სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ჩაერიოს ეკონომიკაში და მაშინ ბაზრის უხილავი ხელი თავისით დაარეგულირებს ყველაფერს. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, იმ კონტექსტს, რომელიც დღეს არის ქვეყანაში და მსოფლიოში შექმნილი. ვფიქრობ, პროცესების თვითდინებაზე მიშვებით განვითარების პრეცედენტი ისტორიამ არ იცის, არც ევროპა და არც ამერიკა ამ გზით არ განვითარებულა. ვფიქრობ, ძლიერი სახელმწიფოსთვის ეკონომიკის განვითარება უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან იგი ქმნის საფუძველს ჩვენი ცხოვრების ყველა სხვა მიმართულებით წინსვლისთვის. მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად, მთელი ჩემი აქცენტი იქნება გადატანილი ახალ ინიციატივებზე, ახალ პროგრამებზე, რომლებსაც 100 დღის განმავლობაში წარმოგიდგენთ. ეკონომიკური განვითარების ამოსავალი პრინციპი უნდა გახდეს ინკლუზიური განვითარება, ეკონომიკის ზრდის სიკეთეები უნდა შეეხოს არა ერთეულებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ოჯახს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო უნდა იდგეს ბიზნესინტერესების სადარაჯოზე. ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი, რომ არა მხოლოდ თვითკმარი ვიყოთ მრავალ სფეროში, არამედ ექსპორტზეც გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია, რომ შემოქმედი ერი გავხდეთ და არა მხოლოდ სხვისი შრომის მომხმარებელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.