ირაკლი ღარიბაშვილი - უკვე ოპოზიციაში მყოფი ადამიანები ახლაც აცხადებენ, რომ კვლავ გახსნიან მეორე ფრონტს, დაიწყებენ ომს, ეს მათი ხელწერაა, პირადი კეთილდღეობის გარდა, არაფერზე ფიქრობენ
მჯერა, ჩვენი ქვეყანა სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკით გამთლიანდება, გაერთიანდება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დღეს ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ახლა ოპოზიციაში არიან, ისევ ანტიეროვნული, მოღალატეობრივი პოლიტიკა აქვთ.
„დეოკუპაციასა და ქვეყნის გამთლიანებაზე მთავარი საკითხი ჩვენს ქვეყანას არ აქვს. პატარა ბავშვი გათვლიდა, მცირეწლოვანი ბავშვი გათვლიდა იმ რისკებს, რაც, შესაძლოა, მოჰყოლოდა მთელ იმ პროვოკაციებს, რომლებიც ომამდე ხდებოდა. მჯერა, ჩვენი ქვეყანა ჩვენი სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკით გამთლიანდება, გაერთიანდება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა. კარგად მოგეხსენებათ უკვე ოპოზიციაში მყოფი ადამიანების ისევ ანტიეროვნული, მოღალატეობრივი პოლიტიკა, როგორ იქცეოდნენ და იქცევიან. ახლაც აცხადებენ, რომ კვლავ გახსნიან მეორე ფრონტს, დაიწყებენ ომს. ეს მათი ხელწერაა. ისინი არაფერზე ფიქრობენ, გარდა პირადი კეთილდღეობისა. ეს არის რეალობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.