ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა, საერთო ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ასევე არსებული გამოწვევები იყო ძირითადი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც დღეს კიევში, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ დიალოგს და აღნიშნეს, რომ ამაზე ბოლო პერიოდში ორმხრივი მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების აქტიური დინამიკაც მიუთითებს.

„საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ასოცირებული ტრიოს ფორმატში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას კონკრეტული შედეგების მისაღწევად. აღინიშნა, რომ ნატო-ში გაწევრიანება საქართველოსა და უკრაინის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა, მათ შორის საერთო ინტერესის ისეთ საკითხზე, როგორიცაა შავი ზღვის უსაფრთხოება.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ყირიმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და უკრაინელ კოლეგას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საქართველოს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე.

დენის შმიგალმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. დენის შმიგალმა საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და ქართველ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა და მაქსიმალურად განავითარონ ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა.

დენის შმიგალმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობისა და ინიციატივის მხარდაჭერისთვის, რომელიც, მისი შეფასებით, ქმნის შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ გამახვილდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობაზე უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისთვის.

ქალაქ ლვოვში ქართული დელეგაციის გულთბილი მიღებისთვის უკრაინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ადასტურებს მზადყოფნას, მომავალშიც განაგრძოს სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინასთან ნაყოფიერი თანამშრომლობა.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე მონაწილეობდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს“,- აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.