ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, დღეს ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს
ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, დღეს ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს

ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრები ბრიუსელში იმყოფებიან. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი და მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა ერთობლივ შეხვედრებს გამართავენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან.

შეხვედრების მთავარი განსახილველი თემა იქნება 15 დეკემბერს დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი, რომლის დეკლარაციაში მნიშვნელოვანია ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის პრიორიტეტული საკითხებისა და მოლოდინების ასახვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მთავრობის ამბიციურ გეგმაზე, რომელიც 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას გულისხმობს.

სამი ქვეყნის ლიდერები ევროკავშირში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ ერთობლივ პოზიციას, რომ მნიშვნელოვანია, სამიტმა ახალი შესაძლებლობები გაუხსნას პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე, დიფერენციაციისა და მეტი-მეტისთვის პრინციპების საფუძველზე, ასევე ისაუბრებენ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის გაძლიერების ახალ მიმართულებებზე.