ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელი სრულდება და საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად არაერთი ღონისძიება იგეგმება.

„საუბარი შეეხო ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას, აღინიშნა, რომ თურქეთი კვლავ რჩება საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად. ხაზი გაესვა, რომ არსებული რეგიონული პროექტები საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის საკითხები, ასევე პრემიერის მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა, რომელიც იქნება დიალოგის მნიშვნელოვანი პლატფორმა და ხელს შეუწყობს რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზებას.

შეხვედრაზე გამოითქვა ორმხრივი მზაობა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ მისასალმებელია მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკა“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.