ირაკლი ღარიბაშვილი - სწორედ ჩვენი მთავრობის ხელშეწყობით გავხსენით ბაზრები ჩვენი ფერმერებისთვის და ბიზნესებისთვის
სწორედ ჩვენი მთავრობის ხელშეწყობით, გავხსენით ბაზრები ჩვენი ფერმერებისთვის, ჩვენი ბიზნესებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გაიხსნა ევროკავშირის, რუსეთისა და ჩინეთის ბაზრები, რაც აისახა კომპანიების, მეღვინეებისა და ფერმერების კეთილდღეობაზე.
„სწორედ ჩვენი მთავრობის ხელშეწყობით, გავხსენით ბაზრები ჩვენი ფერმერებისთვის, ჩვენი ბიზნესებისთვის. მაგალითად, 2012 წელს დაკეტილი იყო ყველა ბაზარი პრაქტიკულად. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო ევროკავშირის ბაზარი, რომელთანაც ჩვენ გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარი გახდა ხელმისაწვდომი ჩვენი მეღვინეებისთვის, რომ ყოველგვარი ტარიფის გარეშე გაიტანონ საკუთარი პროდუქცია. მეორე – რუსეთის ბაზარი გავხსენით, რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეღვინეებისთვის. ჩინეთის ბაზარი – ჩინეთთანაც მოვაწერეთ ჩვენ ხელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. ეს ყველაფერი, ჯამში რა თქმა უნდა აისახა ჩვენი კომპანიების, მეღვინეების და ფერმერების კეთილდღეობაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.