ირაკლი ღარიბაშვილი - სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ საქართველოში ჩატარება არის დემონსტრირება, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო უცხოელი პარტნიორებისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი - სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ საქართველოში ჩატარება არის დემონსტრირება, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო უცხოელი პარტნიორებისთვის

სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ საქართველოში ჩატარება კიდევ ერთხელ ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის, განსაკუთრებით აშშ-სთვისა და ნატოს წევრი ქვეყნებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

მან თავდაცვის ძალებში წვრთნებისა და სამხედრო განათლების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„პანდემიის მიუხედავად, ზაფხულში ჩვენს პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვანი სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ჩავატარეთ. ეს კიდევ ერთხელ ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის, განსაკუთრებით აშშ-სა და ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის. გადმოისროლეს ათასზე მეტი უცხოელი ჯარისკაცი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს წვრთნებში. ასევე, ძალიან შთამბეჭდავი იყო რამდენიმე ასეული სამხედრო ჯარისკაცის დესანტირება. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ეს სწავლება ემსახურება თავსებადობის გაზრდას ნატოს წევრ ქვეყნებთან და ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტია ჯარში.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ჯარის შიგნით ვახდენთ განათლებაზე აქცენტირებას, არამედ რეალურად, კარი გავხსენით. ბატონი გიორგი ამილახვარი გვესწრება დღეს აქ და თავადაც იყო მონაწილე ამ პროცესის, როდესაც ჩვენ მივმართეთ თხოვნით და ურთიერთგაგების მემორანდუმები გავაფორმეთ უნივერსიტეტებთან. მათაც შეაქვთ წვლილი არა მხოლოდ ჩვენი სამხედროების, არამედ მათი შვილების, ოჯახის წევრების განათლებაში. ვგულისხმობ სწავლის თანადაფინანსებას, 50%-ს კი, თავდაცვის სამინისტრო ფარავს. ასევე, დავაწესეთ მინისტრის სტიპენდია, რომელიც არის კვარტალში 750 ლარის ოდენობით, რაც ერთგვარი მასტიმულირებელი და მოტივაციის მიმცემი შეიძლება იყოს სამხედროების შვილებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი