ირაკლი ღარიბაშვილი - სუვერენული სახელმწიფო ვართ და ვინც ჩვენი ქვეყნის კანონებს პატივს არ სცემს, შესაბამისად, მეც აბსოლუტურ იგნორს მოვახდენ ამა თუ იმ ქვეყნის თუ მათი ხელმძღვანელების მიმართ
ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ვინც ჩვენი ქვეყნის კანონებს პატივს არ სცემს, შესაბამისად, მეც აბსოლუტურ იგნორს მოვახდენ ამა თუ იმ ქვეყნის თუ მათი ხელმძღვანელების მიმართ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
პრემიერის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოსდა პატიმარ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მას უკრაინელმა კოლეგებმა სთხოვეს.
„ეს არ არის ასე. საუბარი გვქონდა ზოგადად და მე ამის თაობაზე გავავრცელე კიდევაც საჯარო განცხადება. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ვინც ჩვენი ქვეყნის კანონებს პატივს არ სცემს, შესაბამისად, მეც აბსოლუტურ იგნორს მოვახდენ ამა თუ იმ ქვეყნის თუ მათი ხელმძღვანელების მიმართ, ეს ზოგადად, მინდა, რომ ცხადად ვთქვა. ისეთი ვითარებაა მსოფლიოში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ არა თუ სხვა ქვეყნებზე, პატიმრებზე მით უმეტეს ფიქრობდეს ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერი. ეს ხომ აბსურდია. მე საერთოდ ბოდიში მინდა, მოვუხადო საზოგადოებას, რომ ასეთ აბსურდზე მიწევს კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.