ირაკლი ღარიბაშვილი - სრულიად გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიცია გვეუბნება, რომ უკრაინაში ომის გამო ყველაფერი გავაჩეროთ, ხალხის მდგომარეობა გავაუარესოთ, ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე არ ვიფიქროთ
ირაკლი ღარიბაშვილი - სრულიად გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიცია გვეუბნება, რომ უკრაინაში ომის გამო ყველაფერი გავაჩეროთ, ხალხის მდგომარეობა გავაუარესოთ, ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე არ ვიფიქროთ

სრულიად გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიცია გვეუბნება, რომ უკრაინაში ომის გამო ყველაფერი უნდა გავაჩეროთ, ხალხის მდგომარეობა გავაუარესოთ, ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე არ ვიფიქროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს და მოქმედებს.

„საზოგადოება გვისმენს და მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო, როგორი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს და მოქმედებს სრულიად გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიცია. თქვენ ახსენეთ ელენე ხოშტარია. ხოშტარიას ცნობილი გამონათქვამი იყო 2012 წლამდე, თუ არ ვცდები, ამის კადრები არსებობს, სადაც იგი პირადად ლობირებდა ფრენების შესრულებასაც, ცდილობდა უვიზო რეჟიმის გამართლებას. ასევე საუბრობდა, რომ აუცილებელი იყო სავაჭრო ურთიერთობების განვითარება რუსეთთან და ა.შ. უფრო მთავარს გეტყვით, იგივე ადამიანები და მათი ბელადი – სააკაშვილი, პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს საზღვარზე. ეს ადამიანები დღეს ასე ურცხვად ატყუებენ ჩვენს საზოგადოებას და აყენებენ შეურაცხყოფას. ეუბნებიან, რომ საზოგადოებას რასაც ეტყვიან, უნდა დაიჯეროს ყველაფერი ხალხმა. ეს არის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება. თუნდაც ამ დამოკიდებულების გამო, ისინი დღეს და ყოველთვის იქნებიან ხელმოცარული ოპოზიცია. რაც იყო მათთვის დასაშვები, თურმე დღეს დაუშვებელია, სად არის ლოგიკა?

აგვისტოს ომის შემდეგ, სადაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები დაიღუპნენ, ათიათასობით ახალი დევნილი მივიღეთ ჩვენი ქვეყნის შიგნით, რამდენიმე თვეში ამ ომის შემდეგ, ჯერ ხომ მანამდე კაპიტულანტურ რეზოლუციას ხელი მოაწერინა სააკაშვილმა თავის გუნდის წევრებს, გახსოვთ, რომ აბსოლუტურად არავითარი კამპანია არ უწარმოებიათ არც სანქციების დაწესების თაობაზე, არც რაიმე შეზღუდვაზე, საერთოდ არაფერზე და ამის შემდეგ ჯერ გადასცეს სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები რუსულ სახელმწიფო კომპანიებს და შემდეგ უკვე, გახსოვთ, ცალმხრივად მოუშალეს სავიზო რეჟიმი, გახსენეს ფრენები, ომის შემდეგ.

დღეს გვეუბნებიან, რომ უკრაინაში ომის გამო ჩვენ ყველაფერი უნდა გავაჩეროთ, ჩვენი ხალხის მდგომარეობა უნდა გავაუარესოთ, ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე არ უნდა ვიფიქროთ. საერთოდ, მინდა, ვთქვა, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი გათვლილია ჩვენი ქვეყნის გაერთიანების დიდი იდეის მიღწევაზე. ყველა ეს ნაბიჯი გვაახლოებს ჩვენს საერთო დიდ ეროვნულ მიზანთან, რაც არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს არის ჩვენი უალტერნატივო, სწორი, პრაგმატული და ეროვნული პოლიტიკა. რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.