ირაკლი ღარიბაშვილი - სიმართლე ჩვენს მხარეს არის და ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება, რაც უნდა ათეულობით მილიონი დოლარი ხარჯოს სააკაშვილის ოჯახმა
ირაკლი ღარიბაშვილი - სიმართლე ჩვენს მხარეს არის და ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება, რაც უნდა ათეულობით მილიონი დოლარი ხარჯოს სააკაშვილის ოჯახმა

სიმართლეს, რომელიც ჩვენ მხარეს არის, ვერავინ შეეწინააღმდეგება, რაც უნდა ათეულობით მილიონი დოლარი  ხარჯოს სააკაშვილის ოჯახმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ვინც სახელმწიფოს მიზანმიმართულად ებრძვის, ის არის ქვეყნის მტერი.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის სამარცხვინო კამპანიას წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ.

„რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ჩვენმა საზოგადოებამ ნახა მტკიცებულებები იმისა, როგორ მტრობს სააკაშვილის ოჯახი ჩვენს სახელმწიფოს, არამარტო სააკაშვილის ოჯახი და, რა თქმა უნდა, პირადად სიმულიანტი სააკაშვილი, მისგან მოდის ეს ყველაფერი, ამ პროცესში ჩართული არიან ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები, როგორც დამნაშავე სააკაშვილის ოჯახის წევრები, მათი ლობისტები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან, რომ ჩვენ ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება, მათი ინტერესი არის, რომ ეს მშვიდობა და ყველაფერი დასრულდეს, აქ იყოს ომი, ნგრევა, უბედურება ისეთი, რაც ხდება ახლა უკრაინაში, ეს არის რეალური მიზეზი. ამის თავი და თავი არის სიმულიანტი სააკაშვილის ოჯახი. მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ეს იყო სამარცხვინო კამპანია, რომელშიც ჩართული იყვნენ მათ მიერ მოსყიდული, კორუმპირებული ზოგიერთი პოლიტიკოსი და, სამწუხაროდ, მათ შორის ევროპელებიც. სიმართლე არის ერთი, ამ სამარცხვინო კამპანიას წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ. ვინც ჩვენს სახელმწიფოს მიზანმიმართულად ებრძვის, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ეს ყველაფერი არის ამ კამპანიის გაგრძელება, ცნობილი გვარები, რომლებიც ყოველდღიურად აკეთებენ კომენტარებს. ისინი არიან ჩართული ამ კამპანიაში და ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მტრული კამპანია, ამას სახელი უნდა დაერქვას. მინდა, ერთი ვთქვა, სიმართლეს, რომელიც ჩვენ მხარეს არის, ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება, რაც უნდა ათეულობით მილიონი დოლარი ხარჯოს სააკაშვილის ოჯახმა. კითხვები უნდა დაუსვათ თქვენ, საიდან აქვს 100 მილიონზე მეტი ქონება სააკაშვილის დედას. საიდან ფინანსდება მრავალმილიონიანი ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, საიდან აქვთ ეს არადეკლარირებული მილიონები და რატომ ხარჯავენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ კამპანიაში ამ მილიონებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას, აგრეთვე პოლონელ ექიმებს.