ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მადრიდში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან მაგდალენა ანდერსონთან გამართა შეხვედრა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, განსახილველ საკითხთა შორის იყო ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება.

ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორია და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის დემოკრატიულ, ინსტიტუციურ მოდერნიზაციასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

დატოვე კომენტარი