ირაკლი ღარიბაშვილი - შეუძლებელია, ერთი კომენტარით შეაფასო ის დიდი ღვაწლი, სიკეთე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ მოიტანა
ირაკლი ღარიბაშვილი - შეუძლებელია, ერთი კომენტარით შეაფასო ის დიდი ღვაწლი, სიკეთე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ მოიტანა

შეუძლებელია, ერთი კომენტარით შეაფასო ის დიდი ღვაწლი, სიკეთე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ მოიტანა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი რომ არა, „ქვეყანა ვერ გათავისუფლდებოდა იმ მჩაგვრელი და მოძალადე რეჟიმისგან, რომელიც ცხრა წლის წინ ქვეყანაში იყო დამყარებული“.

„ალბათ უნდა გაიმიჯნოს მისი ქველმოქმედების საქმიანობა და პოლიტიკური მოღვაწეობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ადამიანი, რომელმაც გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი და კიდევ ერთხელ დაგვიტოვა, გვაჩვენა, გვასწავლა უმაღლესი სტანდარტი სახელმწიფოებრივი ქცევის, რა თქმა უნდა, საჭიროებს მადლიერების გამოხატვას, რაც მთავარია, მთელს მის მოღვაწეობას სჭირდება მრავალი წელი, რათა ხალხმა კიდევ ერთხელ შევასაფოთ და შემდეგ დავაფასოთ მისი საქმიანობა. რა თქმა უნდა, ყველასთვის ცნობილია, რომ ზოგადად ძალაუფლება არის ყველაზე დიდი გამოწვევა და ყველაზე დიდი ცდუნება, რომელიც ადამიანს შეიძლება, გამოეცადოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მას არასოდეს არ მართავდა ძალაუფლება, როგორც ეს სხვა მმართველების შემთხვევაში ყოფილა.

„მისი დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ იგი თავად მართავდა ამ ძალაუფლებას და თავად განაცხადა უარი. რაც მთავარია, იმ ფონზე, როცა უპრეცედენტო გამარჯვების შემდეგ, რეალურად, თუ გადავხედავთ ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიის, თანამედროვე დემოკრატიის ისტორიას ამ 30 წლის განმავლობაში, იმის მაგალითი და პრეცედენტი არ მოიძებნება, რომ ადამიანს გაემარჯვებინოს მესამე ვადით, დარჩა ხელისუფლებაში და ამის შემდეგ საკუთარი სურვილით განაცხადა უარი. ამ ფენომენს რა თქმა უნდა, სჭირდება კარგად დაფიქრება, შეფასება და ამის შემდეგ დაფასება, რისიც მე მჯერა. ადამიანი რეალურად 20 წელზე მეტია, საკუთარ ქვეყანას და ხალხს ემსახურება, როგორც საკუთარი პირადი ფინანსური რესურსებით, ასევე მისი პოლიტიკური მოღვაწეობით. მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანა ვერ გათავისუფლდებოდა იმ მჩაგვრელი, მოძალადე რეჟიმისგან, რომელიც სულ რაღაც ცხრა წლის წინ ქვეყანაში იყო დამყარებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი