ირაკლი ღარიბაშვილი - საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას, მოსარგებლის ოჯახს ოთხი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა
ირაკლი ღარიბაშვილი - საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას, მოსარგებლის ოჯახს ოთხი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოციალურად დაუცველი პირებისთვის სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს უკვე არსებობს მზაობა, რომ ქვეყანაში  საზოგადოებრივი სამუშაოს მასშტაბური პროგრამა განხორციელდეს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროგრამით 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები ისარგებლებენ.

„პროგრამის განხორციელებით ერთი მხრივ, გაიზრდება სოციალური შემწეობის მიმღებ უმუშევართა შემოსავლები. ამავდროულად, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის ან არსებულის გასაუმჯობესებლად შექმნის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს. ამ პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიანი პირები, რომლებსაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი ან ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები. ჩვენი პროგნოზით, სულ დასაქმდება 200 000-ზე მეტი ადამიანი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საკითხზე საუბრისას ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პირის პროგრამაში ჩართვა არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მოსარგებლის ოჯახს ოთხი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა. რა დახმარებასაც ის იღებს, მიეცემა ოთხი წლის განმავლობაშიც, ჩვენ ამას არ შევეხებით. ამ პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მიეცემა დამატებით 300 ლარი. მოსარგებლეს შემწეობა გაუგრძელდება მაშინაც, თუ იგი არ დათანხმდება არც ერთ შემოთავაზებას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება, რაც ვფიქრობ, სამართლიანია. რა თქმა უნდა, ამ დროის განმავლობაში მას შეუძლია, შეცვალოს გადაწყვეტილება და დასაქმების სააგენტოს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართოს. საზოგადოებრივი სამუშაოს მასშტაბური პროგრამა, ჩვენი ვარაუდით იქცევა უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად სიღარიბის დაძლევის გზაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა პირველი მარტიდან დაიწყება.