ირაკლი ღარიბაშვილი - სავალდებულო ვაქცინაციას არ დავუშვებ
ირაკლი ღარიბაშვილი - სავალდებულო ვაქცინაციას არ დავუშვებ

მე, როგორ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეები კი არ უნდა აიძულონ, არამედ უნდა დაარწმუნონ, რომ ვაქცინაცია ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალია.

„მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ მე, როგორ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება. მე ყველაფერი გავაკეთე, რათა დროულად ჩამომეტანა საკმარისზე მეტი ვაქცინა. მილიონობით ვაქცინა ჩამოვიტანე და პირადად ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკებების პროცესში. ყველანაირი ვაქცინა ჩამოვიტანეთ საქართველოში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, უნდა დავარწმუნოთ და არა ვაიძულოთ, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალი.

უნდა ჩავერთოთ, ავიცრათ. ჩვენ ორი მილიონი აცრა ჩავატარეთ და მილიონი მოქალაქის აცრა შევძელით სულ რაღაც სამ თვეში. მე ვფიქრობ, ეს არის საკმაოდ კარგი ეფექტი, ასე ვთქვათ, ეფექტური შედეგი, მაგრამ ასევე, მინდა ვთქვა, რომ ეს პროცესი არ არის მხოლოდ ჩვენთან. ძალიან ბევრ ევროპულ სახელმწიფოში, მათ შორის ამერიკაში, ყველგან არის ანტივაქსერების საკმაოდ მძლავრი კამპანია და რეალურად, ჩვენ ვიცით, რომ ეს დეზინფორმაციაა. ვიმეორებ, ჩვენ უნდა ვენდოთ მეცნიერებს, არ უნდა დავუგდოთ ყური, არ უნდა დავუჯეროთ ყალბ ინფორმაციებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.