ირაკლი ღარიბაშვილი - ტელევიზიების და პარტიების უმეტესობას ქვეყნის მომავალზე დღის წესრიგი არ აქვთ, მათ სურთ, საზოგადოება დააზომბირონ ხელოვნურად შექმნილი კრიზისებით, შეთქმულებებით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
ირაკლი ღარიბაშვილი - ტელევიზიების და პარტიების უმეტესობას ქვეყნის მომავალზე დღის წესრიგი არ აქვთ, მათ სურთ, საზოგადოება დააზომბირონ ხელოვნურად შექმნილი კრიზისებით, შეთქმულებებით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

მოდით, ერთი წამით დავფიქრდეთ, რას ხედავს აფხაზი ან ოსი ახალგაზრდა, როცა გადართავს და ქართულ სატელევიზიო არხებს, გადაცემებს უყურებს; ისინი ყოველდღიურ რეჟიმში უსმენენ ძალადობის რიტორიკას, ღვარძლს, შუღლს, პირდაპირ უნდა ითქვას, ბოროტებას და შუღლის გაღვივებას ჩვენს შიგნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სატელევიზიო არხების და პოლიტიკური პარტიების უმეტესობას, ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, დღის წესრიგი არ გააჩნიათ.

„არავითარი დღის წესრიგი არ არსებობს, ვგულისხმობ სატელევიზიო არხების და პოლიტიკური პარტიების უმეტესობას, ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. მათ სურთ, მთელი საზოგადოება, ამ სიტყვას ვიტყვი – დააზომბირონ ყოველდღიურად ხელოვნურად შექმნილი კრიზისებით, საბოტაჟით, შანტაჟით და შეთქმულებების დადგმით საკუთარი ხალხის და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის რეალობა, მე ამ რეალობაზე მსურს გესაუბროთ დღეს თქვენ და ჩვენს მოსახლეობას. ოსი ახალგაზრდა, რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს აგვისტოს ომის მძიმე დღეები, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რას უსმენს ყოველდღიურად ჩვენგან, რა გზავნილებს, რა მესიჯებს იღებენ ჩვენგან. ისინი ხედავენ, რომ ჯერ ჩვენ შიგნით, პირდაპირ ვთქვათ, ვერ ჩამოვყალიბდით, ვერ დავლაგდით, ვერ შევრიგდით, ვერ განვსაზღვრეთ, რა არის მთავარი, პრიორიტეტული საკითხები, პრობლემები, ამოცანები, როგორ უნდა გადავჭრათ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც არის ეკონომიკური სიდუხჭირე, სიღარიბე, უმუშევრობა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენმა მთავრობამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ბოლო რვა წლის განმავლობაში, როგორიც არის მაგალითად ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული რეალური, ეფექტური, ხელშესახები ნაბიჯები, იქნება ეს ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი, ნატო-სთან მიმართებით ინტეგრაცია, ბაზრების გახსნა, ეკონომიკის რეალური ზრდა და ა.შ. ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა გავხადოთ უალტერნატივო აფხაზების და ოსებისთვის ჩვენთან ერთად თანაცხოვრება. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.