ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს არასოდეს ჰქონია ასეთი მაღალი დონის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ნატო-სგან
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს არასოდეს ჰქონია ასეთი მაღალი დონის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ნატო-სგან

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ნატო-სთან და მის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებს.

„ნატო-სთან ჩვენს ურთიერთობას საუკეთესოდ წარმოაჩენს პრინციპი – მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში. საქართველოს არასოდეს ჰქონია ასეთი მაღალი დონის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ნატო-სგან. საქართველო სხვა მიმართულებებთან ერთად, მაქსიმალურად ცდილობს, დააკმაყოფილოს ნატო-ს წევრი ქვეყნებისათვის დაწესებული ფინანსური მოთხოვნები და მომავალშიც შეინარჩუნებს სამხედრო დანახარჯებს მშპ-ის ორი პროცენტი ფარგლებში“, – აღნიშნა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო წარმატებით ახორციელებს ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომელიც დეკემბრის თვის ნატო-ს მინისტერიალზე მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებით განახლდა.

აღნიშნული პაკეტის ფარგლებში მან ყურადღება გაამახვილა წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრზე (JTEC), რომელმაც გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრთან და ჩამოყალიბდა ნატო-სთან აფილირებულ ცენტრად.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-სა და ნატო-ს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის ასპექტით ისაუბრა საერთაშორისო წვრთნების შესახებ, რაც, მისივე განმარტებით, ხელს უწყობს ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ნატო-სთან.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის თქმით, საქართველო გააგრძელებს მონაწილეობას ნატო-სა და ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დატოვე კომენტარი