ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო თუ ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს წლის ბოლოსთვის, ეს იქნება დიდი შეცდომა
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო თუ ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს წლის ბოლოსთვის, ეს იქნება დიდი შეცდომა

ვფიქრობ, გეოპოლიტიკურ რთულ გარემოში, ამ სიტუაციაში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება საქართველოსთვის, რომელიც არის ამ „ასოცირების ტრიოში“ ნომერი პირველი თავისი მუშაობით, იქნება დიდი პოლიტიკური შეცდომა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი.

საქართველოს მთავრობის მეთაურს ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ჰკითხეს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონზე, პრემიერის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უკვე გაწვეულია და მასზე საუბარი საჭირო აღარ არის.

„რატომ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც უკვე გადაიჭრა? ეს კანონპროექტი გაწვეულია. დავხურეთ თავი და ამიტომ აქცენტი გავაკეთოთ უფრო სერიოზულ საკითხებზე. ეს იყო ინიციატივა, რომელიც სხვა ბევრ ქვეყანაში არსებობს. მათ შორის, ევროპარლამენტში იქნა განხილული მსგავსი კანონის მიღება. მაგრამ არ მინდა, დეტალებში შევიდე. არც სპეკულაციები მინდა ამაზე. იყო ეს ინიციატივა და ჩვენ გავიწვიეთ, გავითხოვეთ ეს კანონპროექტი. ეს თავი დახურულია. მინდა, საუბარი წარვმართო უფრო მნიშვნელოვან და სერიოზულ საკითხზე, რაც არის შემდეგი ნაბიჯები ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. როგორც თქვენ ბრძანეთ, ჩვენ ვმუშაობთ ამ 12 პრიორიტეტის განხორციელებაზე. უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსით სარგებლობენ, საქართველოს არ მიეცა ეს სტატუსი. როგორც განვმარტეთ ბევრჯერ, ეს იყო ბონუსი იმ ქვეყნებისთვის – მოლდოვისა და უკრაინისთვის. ძალიან გვიხარია მათი სახელით. როგორ ფიქრობთ, საქართველოს რატომ არ მიეცა? ჰკითხეთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს. მგონი, ეს იყო უსამართლო, ეს იყო ნამდვილად დაუსაბუთებელი, არამიზანშეწონილი ნაბიჯი. მაგალითად, რა გზავნილია რუსეთისთვის ეს? ე.ი ჩვენ, ევროპელები ვტოვებთ საქართველოს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას ორჯერ, სამჯერ სჯობს. თუ დამსახურებაზეა საუბარი, საქართველოსთვის უნდა მიენიჭებინათ მუშაობის საფუძველზე. საქართველო იყო და კვლავ არის ორჯერ, სამჯერ წინ, ვიდრე ის ორი ქვეყანა. ამ „ასოცირების ტრიოზე“ მაქვს საუბარი. ამიტომ ეს კითხვა სჯობს, დაუსვათ ევროპელ მეგობრებს. რატომ არ მისცეს სტატუსი საქართველოს? არც არგუმენტები, არც განმარტება არ გაგვაჩნია. მოლდოვასაც და უკრაინასაც მისცეს ეს 12 პრიორიტეტი, მაგრამ სტატუსი წინასწარ მიანიჭეს. ეს არის განსხვავება, არ გვესმის, რატომ? ჩვენ მარტო ის გვითხრეს, რომ უკრაინა ომშიაო. ჩვენც ვიყავით ომში 2008 წელს, 20 პროცენტი კვლავ არის ოკუპირებული, ამიტომ სად არის განსხვავება? მოლდოვა რთულ სიტუაციაში არისო. ამიტომ რაციონალური ნიშანი აქ არ არის. საქართველო თუ ვერ მიიღებს ამ სტატუსს წლის ბოლოსთვის, ეს იქნება უშველებელი შეცდომა. საქართველო გააგრძელებს წინსვლას ყველა იმ რეფორმით, განვითარებით და ა.შ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ გეოპოლიტიკურ რთულ გარემოში, ამ სიტუაციაში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება საქართველოსთვის, რომელიც არის ამ „ასოცირების ტრიოში“ ნომერი პირველია თავისი მუშაობით, იქნება უშველებელი პოლიტიკური შეცდომა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.