ირაკლი ღარიბაშვილი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ბრიუსელში გაემგზავრება
ირაკლი ღარიბაშვილი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ბრიუსელში გაემგზავრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ასევე ნატო-ში.

პირველ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან გამართავს.

16 მარტს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, გაიმართება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.

17 მარტს მაღალი დონის შეხვედრები შედგება ევროპარლამენტსა და ნატო-ში. საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატო-ს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.