ირაკლი ღარიბაშვილი - სამი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა თითქმის 30 მილიარდი ლარით გაიზარდა
ირაკლი ღარიბაშვილი - სამი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა თითქმის 30 მილიარდი ლარით გაიზარდა

ბოლო ორი წელი გვაქვს ძლიერი, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა თითქმის 30 მილიარდი ლარით გაიზარდა.

„მინდა, უფრო დეტალურად მოგახსენოთ ჩვენ მიერ გაწეული საქმიანობა. დავიწყებდი, ზოგადად, ეკონომიკის მიმოხილვით. ბოლო ორი წელი გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. ასევე მინდა, ვთქვა, რომ სულ რაღაც ორი წლის წინ ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 50 მილიარდი ლარი, 2021 წელს იყო 60 მლრდ, შარშან იყო 72 მილიარდი ლარი და წელს ველოდებით, რომ მთელი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება დაახლოებით 80 მილიარდი ლარი. სამი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა თითქმის 30 მილიარდი ლარით გაიზარდა. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით წელს ეს მაჩვენებელი იქნება 8 200 დოლარი. შეგახსენებთ, რომ სამი წლის წინ, 2020 წელს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 4 500 დოლარი.

ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ე.წ. საგარეო მოწყვლადობა. შარშან მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-თან მიმართებით 6.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და ისტორიულ მინიმუმს – 4.1%-ს გაუტოლდა. ჩვენ თუ შევადარებთ 2012 წელს მშპ-თან მიმართებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, რომელიც 2-ჯერ უფრო მაღალი იყო, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა“, – განაცხადა პრემიერმა.