ირაკლი ღარიბაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურებულია, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ფაქტი არ ყოფილა და ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ სპეკულაციები და ბრალდებები
ირაკლი ღარიბაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურებულია, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ფაქტი არ ყოფილა და ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ სპეკულაციები და ბრალდებები

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურებულია, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ფაქტი არ ყოფილა და ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ სპეკულაციები და ბრალდებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე კომენტირებისას განაცხადა.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურებულია, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ფაქტი არ ყოფილა და ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ სპეკულაციები და ბრალდებები. ჩვენ მაქსიმალური გამჭვირვალობით ვმუშაობთ, ვიმუშავებთ და ასე გავაგრძელებთ მომავალში. ეს არის პასუხი იმ მრავალთვიან უწყვეტ ცილისწამებაზე, რომელიც მომდინარეობდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის კიდევ ერთ ნაწილზე, რომელშიც ნათქვამია: „საქართველოში წინა მთავრობის დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომელიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებითი წესით ხდებოდა“.

„ყველას მოგეხსენებათ, როგორც იყო დაცული საკუთრების უფლება 2012 წლიდან, ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა ჩვენი მთავრობის პირობებში. დღეს კერძო საკუთრება არის დაცული და ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ თავისუფლად ფლობდეს ქონებას, განავითაროს ბიზნესი და ბიზნესი არის ხელშეუხებელი, ისევე როგორც ადამიანების კერძო საკუთრება არის კერძო საკუთრება, რომ იტყვიან უფლება ჩვენი მოქალაქეების“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.