ირაკლი ღარიბაშვილი - საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობა ზრდის ჩვენი სამხედროების ბრძოლისუნარიანობას და მათ თავსებადობას ნატოელ სამხედროებთან
ირაკლი ღარიბაშვილი - საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობა ზრდის ჩვენი სამხედროების ბრძოლისუნარიანობას და მათ თავსებადობას ნატოელ სამხედროებთან

დინამიური მონაწილეობა მრავალმხრივ საერთაშორისო წვრთნებში ზრდის ჩვენი სამხედროების ბრძოლისუნარიანობას და მათ თავსებადობას ნატოელ სამხედროებთან, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჩატარებული ეროვნული და მრავალეროვნული წვრთნებიდან, განსაკუთრებით აღნიშნა ავღანეთში გადასროლისწინა მოსამზადებელ წვრთნები და ქართულ-ამერიკული საერთაშორისო წვრთნა „ღირსეული პარტნიორი 2020“.

„ამერიკელ სამხედროებთან ერთად ვატარებთ ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ქართული კონტინგენტის გადასროლისწინა მოსამზადებელ წვრთნებს. ეს წვრთნები დღემდე, მხოლოდ გერმანიაში ტარდებოდა. სერტიფიცირების კომპონენტის საქართველოში მასპინძლობა მიუთითებს, რომ თავდაცვის ძალებს უკვე აქვს შესაძლებლობა სათავეში ჩაუდგეს საერთაშორისო მისიების გადასროლისწინა მომზადების წვრთნების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს ადასტურებს, რომ საქართველოს გააჩნია რესურსიც და შესაძლებლობაც, რომ საერთაშორისო დონის გადასროლისწინა წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე წარმატებით ჩაატაროს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სექტემბერში დაგეგმილია ქართულ-ამერიკული საერთაშორისო წვრთნა „ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელშიც მონაწილეობას ნატოს წევრი სხვა ქვეყნებიც მიიღებენ.

„სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, საშტაბო-სამეთაურო სწავლებები, მაგალითად როგორიც იყო ნატო-საქართველოს სწავლება, მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ ჩვენი სამხედროების მომზადების დონე არის ძალიან მაღალი და თავსებადი ნატოს მოთხოვნებთან. ჩვენი ყველა თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, მიმართულია რესურსების მაქსიმალური კონსოლიდაციითა და სწორი მართვით, თავდაცვის ძალების გაძლიერებისკენ, ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებისკენ. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ დღევანდელი ჯარი 10 წლის წინანდელი ჯარის მომზადების დონისაგან რადიკალურად განსხვავდება და ბევრად ძლიერია“, – აღნიშნა მინისტრმა.