ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა ბერძენმა კოლეგამ, ნიკოლას პანაგიოტოპულოსმა საქართველოსა და საბერძნეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საქართველოსა და საბერძნეთის თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბერძენ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ესაუბრა. მისი თქმით, სტრატეგიული მზადყოფნა, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლება და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა ქვეყანას ნატოში გაწევრიანებისთვის ამზადებს. ეს პროცესი კი, საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს. ამ კონტექსტში საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი ინიციატივაში საბერძნეთის ჩართულობა ხაზგასმით აღნიშნა და კოლეგას პაკეტის განახლების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს როლსა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების გზებზეც იმსჯელეს.