ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა ყველა თხოვნაზე, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფო ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე და ამას აკეთებს ევროპული სტანდარტით
ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა ყველა თხოვნაზე, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფო ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე და ამას აკეთებს ევროპული სტანდარტით

არ მინდა ყოფილ პრეზიდენტზე საუბარი, რადგან ის არის წარსული. მინდა, ვისაუბრო აწმყოზე, მომავალზე, უფრო საინტერესო ეს არის ჩვენთვისაც და დარბაზისთვისაც, მაგრამ რადგან მკითხეთ, მოკლედ გიპასუხებთ. ყოფილმა პრეზიდენტმა, სააკაშვილმა ბევრი შეცდომა დაუშვა. მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, ამიტომ არის ციხეში, ციხეშიც კი არ არის, არამედ კლინიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერს ჰკითხეს: „ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ამ სავარძელში იჯდა და საუბრობდა ევროკავშირსა და სხვა მიმართულებებზე, ახლა ციხეშია. ევროკავშირს უნდა, რომ გათავისუფლდეს. თქვენ რატომ არ აკეთებთ ამას?“

„სააკაშვილი უკვე ერთი წელია, კერძო კლინიკაშია. ძალიან ბევრი სპეკულაცია და ყალბი ინფორმაცია ვრცელდება ამის შესახებ. მისი ოჯახი ხარჯავს მილიონობით დოლარს ბოლო ორი წლის განმავლობაში და აბრალებს საქართველოს მთავრობას, ვითომ ვწამლავთ, ვითომ ვტანჯავთ, ვითომ ვაწამებთ. საქმე წაიღეს სტრასბურგში, ადამიანის უფლებების სასამართლოში. სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ უარი უთხრა ყველა თხოვნაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს მისი ჯანმრთელობის პირობებზე ზრუნვით და ევროპული სტანდარტებით აკეთებს ამას ყველაფერს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პანელური დისკუსიისას ღარიბაშვილს ასევე ჰკითხეს, ხედავს თუ არა რისკს, რომ სააკაშვილი დაიღუპოს კლინიკაში.

„არ მინდა, ამაზე კომენტარი გავაკეთო. ყველა ადამიანს, ყველა პატიმარს ვუსურვებ ხანგრძლივ სიცოცხლეს და რაც გითხარით, იმას გავიმეორებ – ვიცავთ ყველა ადამიანის, ყველა მოქალაქის უფლებებს, ყველა პატიმრის უფლებებს“, – აღნიშნა პრემიერმა.