ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილის პარტნიორი მამუკა ხაზარაძე, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია აქვს და სამი პროცენტი აიღო, ტყუილებით არ უნდა კვებავდეს საზოგადოებასა და ჟურნალისტებს
ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილის პარტნიორი მამუკა ხაზარაძე, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია აქვს და სამი პროცენტი აიღო, ტყუილებით არ უნდა კვებავდეს საზოგადოებასა და ჟურნალისტებს

სააკაშვილის პარტნიორი მამუკა ხაზარაძე, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია აქვს და სამი პროცენტი აიღო, ტყუილებით არ უნდა კვებავდეს საზოგადოებასა და ჟურნალისტებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძემ ბრალი დასდო, თითქოს ხალხს ატყუებს, რომ ქვეყანაში ჯამში არის 7 ათასი კილომეტრი გზა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ძალიან მარტივი იყო, თავად მამუკა ხაზარაძე ან მისი თანამშრომელი შესულიყვნენ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე და გადაემოწმებინათ, რამდენი კილომეტრი გზა არის საქართველოში.

„სააკაშვილის პარტნიორ მამუკა ხაზარაძეს მივმართავ, რომ ვიდრე ჩემზე რამეს იტყვის, ჯერ გადაამოწმოს. ძალიან მარტივი საქმე იყო მაგალითად, რომ შესულიყო თავად ან მისი თანამშრომელი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე და გადაემოწმებინა, რამდენი კილომეტრი გზა არის საქართველოში. კაცს, რომელსაც აქვს პრეტენზია, მოსულიყო ხელისუფლებაში და რომელმაც სამი პროცენტი აიღო, არ უნდა საუბრობდეს ასეთ ტყუილებზე და ტყუილებით არ უნდა კვებავდეს საზოგადოებას, ჟურნალისტებს არ უნდა ატყუებდეს.

ასევე, მან თქვა, რომ მე მოვიტყუე და საქართველოში თურმე არის 7 000 კმ გზა და მე ვამბობ, რომ 10 000 კმ გავარემონტეთ და ჩავუტარეთ რეაბილიტაცია. ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით არის 21 101 კმ გზა და ბოლო რვა წელიწადში 10 000 კმ-ზე მეტ გზას ჩაუტარდა რეაბილიტაცია და აღდგენა. 150 კმ მაგისტრალური გზა დავაგეთ. ამ ყველა მონაცემზე მე პასუხს ვაგებ და ნებისმიერი ფაქტები და ინფორმაცია შეგიძლიათ, გამოითხოვოთ. ასევე ვურჩევდი ბატონ ხაზარაძეს, რომ მომავალში გადაამოწმოს ინფორმაცია, გამოითხოვოს და ასე გაავრცელოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.