ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის უწყვეტი წყაროა, ის ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ვეღარასდროს დაბრუნდება
ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის უწყვეტი წყაროა, ის ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ვეღარასდროს დაბრუნდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადაცემა „არენაში“ ქვეყანაში არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მან ოპოზიციური სპექტრის გადაწყვეტილებას, რომ არ შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში, უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი ადამიანების პროვოკაცია უწოდა.

„მოგეხსენებათ, ოპოზიციასთან მოლაპარაკების ოთხი რაუნდი გაიმართა და ვიყავით აბსოლუტურად კონსტრუქციულები, ვიყავით მზად ყველა ჯანსაღი აზრის განსახილველად და შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა, როცა პირდაპირ მასირებული შეტევა განახორციელეს ამერიკის ელჩსა და ამერიკაზე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ტელეკომპანიის დირექტორი, ბატონი ლალიაშვილი გამოსულიყო და მსგავსი ეპითეტებით შეემკო ამერიკის ელჩი ან ამერიკის მთავრობა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მეორედ დაარბევდნენ თქვენს ტელევიზიას ეს დესტრუქციული ძალები. მათი მცდელობა, მომხდარიყო ჩვენი იზოლაციაში გადაყვანა და თითქოს საერთაშორისო თანამეგობრობისგან ზემოქმედება ჩვენზე, რატომ უნდა ყოფილიყო ეს ზემოქმედება? მით უმეტეს, ჩვენ მზად ვიყავით, რომ ჩვენ ეს ყველაფერი შეგვემოწმებინა. ჩვენ ვიხილეთ, რომ მთელმა მსოფლიომ მოგვილოცა წარმატებული არჩევნები, აღიარა და დღემდე ოპოზიციას მოუწოდებს ყველა, რომ შევიდნენ პარლამენტში. „ნაციონალური მოძრაობა“ და გიგა ბოკერიას პარტია არის ერთი ორგანიზმი, ეს კარგად უნდა ვიცოდეთ. მათ უბრალოდ ფრონტი ჰქონდათ გაშლილი და ერთი ორგანიზმია ორი ბოროტი თავით. ეს არის უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი ადამიანების მიერ დაგეგმილი მორიგი პროვოკაცია, რომელიც არ განხორციელდა. რეალურად, სააკაშვილს სჯეროდა, რომ მას ჰქონდა ბოლო შანსი, ისინი უკვე აშინებდნენ ჩვენს მოსახლეობას წინსწრებად, რომ ისინი დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, არაფერი გამოვიდა. ერთი რამ, რაშიც ჩვენ გვაქვს საერთო ეროვნული თანხმობა, არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში ვეღარასოდეს დაბრუნდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.