ირაკლი ღარიბაშვილი - რომელი პატრიოტი პოლიტიკური ძალა შეეცდება ხელისუფლების დამხობას მაშინ, როცა ურთულესი გამოწვევა შეიქმნა რეგიონში, თან იმ ფონზე, როცა ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, ეს გეგმაც ჩაუვარდათ, ჩვენმა მტრებმა წააგეს
ირაკლი ღარიბაშვილი - რომელი პატრიოტი პოლიტიკური ძალა შეეცდება ხელისუფლების დამხობას მაშინ, როცა ურთულესი გამოწვევა შეიქმნა რეგიონში, თან იმ ფონზე, როცა ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, ეს გეგმაც ჩაუვარდათ, ჩვენმა მტრებმა წააგეს

მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომელი პატრიოტი და ეროვნული ინტერესების დამცველი პოლიტიკური ძალა შეეცდება ხელისუფლების დამხობას და შეცვლას მაშინ, როცა ურთულესი კრიზისი, გამოწვევა შეიქმნა ჩვენს რეგიონში, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ, ეს გეგმაც, გახსოვთ კარგად, რომ ჩაუვარდათ. ჩვენმა მტრებმა წააგეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

„მეორე მცდელობა ე.წ. თვითმფრინავების საქმე, მინდა, შეგახსენოთ ყველას. მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი დაჟინებით მოგვიწოდებდა ჩვენ, ჩემთანაც იყო პირდაპირი საუბრები, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდანაც, რომ საქართველოს მთავრობას მიეცა ოფიციალური ნებართვა, რომ მიეღო ჩარტერული თვითმფრინავები უკრაინიდან, რომლებიც წაიყვანდნენ შემდგომ უკვე მოხალისეებს და მებრძოლებს უკრაინაში. ეს იყო ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში და გახსოვთ, რომ მაშინ ძალიან ბევრი სახელმწიფოს ლიდერი, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ლიდერები გამოდიოდნენ და მოუწოდებდნენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ ჩართულიყვნენ ომში და სხვა ფორმით გამოეხატათ სოლიდარობა, მხარდაჭერა, ჰუმანიტარული დახმარება. ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია და გეგმა, შეთქმულების ნაწილი იმისა, რაც მე უკვე მოგახსენეთ, რომ მომხდარიყო საქართველოს პროვოცირება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამით საქართველოს დააბრალებდნენ, რომ იგი პირდაპირ იყო ჩართული უკრაინის ომში, რაც ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდებოდა.

„ამით მოხდებოდა რუსეთის პროვოცირება, საქართველოს დააბრალებდნენ, რომ იგი უკვე პირდაპირაა ჩართული უკრაინის ომში და კონფლიქტში, რაც ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდებოდა. შედეგი და გათვლა იყო მხოლოდ ერთი – რამენაირად მომხდარიყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. გახსოვთ, ამის შემდეგ დაიწყეს ე.წ. მე-5 კოლონამ და მათმა წარმომადგენლებმა კოორდინირებული, ორკესტრირებული მოქმედება. დემონსტრაციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, და მე მინდა, ჩვენს საზოგადოებას შევახსენო, რომელი პატრიოტი და ეროვნული ინტერესების დამცველი პოლიტიკური ძალა შეეცდება ხელისუფლების დამხობას და შეცვლას მაშინ, როცა ურთულესი კრიზისი, გამოწვევა შეიქმნა ჩვენს რეგიონში, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ? ეს გეგმაც, გახსოვთ კარგად, რომ ჩაუვარდათ. ჩვენმა მტრებმა წააგეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.