ირაკლი ღარიბაშვილი - როგორც ჩანს, გახარიას სააკაშვილის რაღაც დიდი ვალი აქვს და კომპრომატებით მართავს ამ გაბრიყვებულ ადამიანს
ირაკლი ღარიბაშვილი - როგორც ჩანს, გახარიას სააკაშვილის რაღაც დიდი ვალი აქვს და კომპრომატებით მართავს ამ გაბრიყვებულ ადამიანს

როგორც ჩანს, გახარიას სააკაშვილის რაღაც დიდი ვალი აქვს და კომპრომატებით მართავს ამ გაბრიყვებულ ადამიანს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ღარიბაშვილის თქმით, გიორგი გახარიამ საკუთარი სახე დაკარგა.

„გუშინ ვთქვი და კიდევ ერთხელ მინდა, რომ ვთქვა, ძალიან გაბრიყვებულია გახარია; ჩვენ ვნახეთ, როგორ დაკარგა საკუთარი სახე, თავი და ყველაფერი დაკარგა ამ ადამიანმა. მე ადრე ვთქვი, რომ ამას მოხერხება უნდა, რომ იყო კაცი პრემიერ-მინისტრი, გახდე სააკაშვილის მარიონეტი. სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირეა გახარია ჩვეულებრივ, ეს ძალიან მარტივი წასაკითხია, ინფორმაცია რომ არ გქონდეს ადამიანს, ძალიან მარტივად იკითხება, თავიდან ბოლომდე არის სააკაშვილის თამაშში ჩართული. აღარ მინდა დამატებითი სპეკულაციები ამ საკითხზე, მაგრამ უამრავი ინფორმაცია არსებობს და ძალიან მარტივად იკითხება, რომ ალბათ, როგორც ჩანს, რაღაც დიდი ვალი აქვს სააკაშვილის მიმართ და ამ კომპრომატებით მართავს ამ გაბრიყვებულ ადამიანს. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, თუ ვინმეს იმედები გაუცრუა გახარიამ, ეს არის თავად გიორგი გახარია. მან გაგვიცრუა ჩვენ, ყველას იმედი, ჩვენს გუნდს, ეს არის კლასიკური მოღალატე და რა შეიძლება, იყოს ქართველი კაცისთვის იმაზე დიდი უბედურება და ტრაგედია, როცა შენი გუნდი, მოსახლეობის დიდი ნაწილი გეძახის მოღალატეს და მეორე მხრივ, რომ სისტემა გეძახის ასევე მოღალატეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა ჟურნალისტების შეკითხვაზე, რომ გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა საჩივრით მიმართეს პროკურატურას.

„არ არის ეს საინტერესო, ეს ყველაფერი არის იგივე ხელწერა, რაც აკავშირებს მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სააკაშვილთან. ერთი თამაში აქვთ მათ. მინდა, გავიმეორო, რატომ დააყენა თბილისში თავი მერად?! იცის რომ ვერ გაიმარჯვებს ხომ?! მაქსიმუმ, რაც შეიძლება, აიღოს 7-8-10 პროცენტია თბილისში მან პირადად. ერთადერთი მიზანი აქვს ამ ყველაფერს, რომ რაიმენაირად იქნებ მეორე ტური ყოფილიყო, მაგრამ რა თქმა უნდა, კახა კალაძე გაიმარჯვებს პირველივე ტურში. მოსახლეობა ბრძენია, თბილისის მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს და რა რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მშვიდ, სტაბილურ განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.