ირაკლი ღარიბაშვილი - როგორ აღმოჩნდა რუსი დეპუტატი კონფერენციაზე, მთავარი კითხვა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, ამ მოღალატე კაპიტულანტების მისამართით მაქვს
ირაკლი ღარიბაშვილი - როგორ აღმოჩნდა რუსი დეპუტატი კონფერენციაზე, მთავარი კითხვა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, ამ მოღალატე კაპიტულანტების მისამართით მაქვს

როგორ აღმოჩნდა რუსი დეპუტატი კონფერენციაზე, საქართველოს პარლამენტში და პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, მთავარი კითხვა მე მაქვს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, ამ მოღალატე კაპიტულანტების მისამართით, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ თოქშოუში „პირისპირ“ განაცხადა.

„როგორ აღმოჩნდა საქართველოდან წარმატებით გაყვანილი რუსეთის ჯარი, როგორ შემობრუნდა, როგორ აღმოჩნდა აფხაზეთში, ოსეთში, ახალგორში, კოდორში. როგორ აღმოჩნდა ის, რომ რუსეთის საზღვარი თითქმის გორამდე გადმოწიეს სწორედ სააკაშვილის უგუნური  პოლიტიკის შედეგად. ეს ადამიანები საერთოდ როგორ ბედავენ ასეთ საკითხზე საუბარს? მე საზოგადოების სხვა წევრების აღშფოთება აბსოლუტურად მესმის და მინდა, შევახსენო ყველას, რომ პირველი აღშფოთება სწორედ ჩვენი გუნდის წევრებმა დავიწყეთ, როდესაც ჩვენ ვიხილეთ გავრილოვის თავხედური ეს ჟესტი, რომელიც შეუთანხმებლად აღმოჩნდა იქ, სადაც არ უნდა აღმოჩენილიყო. მე თუ მკითხავთ, საერთოდ პარლამენტშიც არ უნდა მისულიყო ეს ადამიანი, მაგრამ ეს ცალკე საკითხია. მაინტერესებს ამ ადამიანებს როგორ ყოფნით ეს თავხედობა და ცინიზმი, რომ ბედავენ და ჯერ კიდევ ასე უტიფრად გვესაუბრებიან და მანიპულირებენ ჩვენი ქართველი ხალხის გულწრფელი, პატრიოტული სენტიმენტებით და გრძნობებით. ეს არის მთავარი შეკითხვა, ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და შევახსენოთ ამ მართლა მოღალატეებს როგორ აღმოჩნდა რუსეთის ჯარი, გაყვანილი, ჩვენ მიერ, ქართველი ხალხის მიერ – გაყვანილი ჯარი როგორ შემოაბრუნეს მათ აფხაზეთში, როგორ ჩააბარეს კოდორი, ცხინვალი და ასე შემდეგ, როგორ დაკარგეს უამრავი სოფელი და ათიათასობით ადამიანი დააზარალეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, გავრილოვის პარლამენტში ყოფნა პროვოკაცია და უხეში შეცდომა იყო, რაზეც პარტიის თავმჯდომარემ და უმრავლესობის წევრებმა მწვავე რეაგირება მოახდინეს.

„თუ ვის მიერ იყო დაგეგმილი ეს პროვოკაცია მოსახლეობაც გამოიტანს დასკვნას როგორ აღმოჩნდა ეს ადამიანი იქ, ამაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ეს ძალიან უხეში შეცდომა იყო და ძალიან მკაცრი რეაგირება გვექნება. თქვენ ერთი რიგითი დეპუტატის შემოსვლაზე მესაუბრებით. მე გესაუბრებით რუსეთის ჯარის შემოსვლაზე და ოკუპაციის დაკანონებაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის, ამ მართლაც სულელი აგენტის უგუნურმა პოლიტიკამ განაპირობა. მე არ მაინტერესებს რას ამბობს ბატონი მელია, რომელიც გამოირჩევა თავისი რადიკალური გაუაზრებელი განცხადებებით. მე ერთი მინდა შევახსენო, რომ ნებისმიერი მათი ქმედება, რომელიც  გასცდება საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას, რა თქმა უნდა, იქნება ადეკვატურად რეაგირებული ჩვენ მიერ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა გაავრცელა.