ირაკლი ღარიბაშვილი - როდესაც გაქვს პრეტენზია, რომ ხარ გონიერი მმართველი, არ უნდა შემოუძღვე რუსულ ჯარს
როდესაც გაქვს პრეტენზია, რომ ხარ გონიერი მმართველი, არ უნდა შემოუძღვე რუსულ ჯარს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. ღარიბაშვილმა გაიხსენა, რომ ძალიან რთული პერიოდი იყო 2012 წელი.
„როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, 2013 წელი იყო, ჯერ კიდევ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი და ყველამ ერთად ურთულესი გზა გავიარეთ. მაშინ გახლდით მინისტრი. მთელი ეს გამოწვევები, მთელი ეს მოლოდინები იყო ძალიან გონივრულად სამართავი და სახელმწიფოებრივად სამართავი.
ბიძინა ივანიშვილის თავდაპირველი გზავნილი იყო, რომ სურდა, ხალხი გაეერთიანებინა, ყველას პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო. ის არ დაყოფდა საზოგადოებას არც „ნაციონალებად“, არც „ოცნების“ მიმდევრებად და ა.შ. მისი ეს გზავნილი და მისი ეს სუპერჰუმანური სურვილი, მოწოდება ბევრისთვის დაუჯერებელი იყო. მაგალითად, მე არ მჯეროდა, რომ შეიძლებოდა ისეთი ადამიანების გამოსწორება, როგორიც არის სააკაშვილი ან სხვა ასე ვთქვათ, სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები. ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები იმ აზრზე, რომ ამ ადამიანების გამოსწორება, გაკეთილშობილება და სახელმწიფო სამსახურში ჩაყენება არის პრაქტიკულად შეუძლებელი. ისინი წლების განმავლობაში ჩვენს ხალხს ჩაგრავდნენ და ჩვენს ქვეყანას მოუტანეს ძალიან დიდი განსაცდელი. ძალიან ბევრი პრობლემა დაგვიტოვეს, იგივე ომი, რომელზეც უბრალოდ, აღარ ვსაუბრობთ. ნებისმიერ ქვეყანაში, ნორმალურ სახელმწიფოში არცერთ ხელისუფლებას, რომლის პირობებშიც ქვეყანა დაკარგავდა ტერიტორიებს, ასობით სოფლებს, მოქალაქეები დაიხოცებოდნენ, მათ უბრალოდ არათუ პოლიტიკაში ყოფნის უფლება აღარ ექნებოდათ, არამედ, არ გამოვრიცხავ, რიგ შემთხვევაში ყოფილიყო მათი პასუხისმგებლობის საკითხი დაყენებული.
როდესაც გაქვს პრეტენზია, რომ ხარ გონიერი მმართველი, შენ სახელმწიფოს მართავ და შენ ხალხზე ზრუნავ, და იღებ პასუხისმგებლობას შენს ხალხზე, უნდა იყო ვალდებული, დაიცვა შენი მოქალაქეები და შენი სახელმწიფო. შენ არ უნდა დაკარგო შენი სახელმწიფოს ტერიტორიები. შენ თავიდან უნდა აიცილო ისეთი განსაცდელი, როგორიც არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და არ უნდა შემოუძღვე რუსულ ჯარს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს მმართველობისას მივიღეთ ხელახალი ოკუპაცია.
„ეს შედეგია და საზოგადოება ამას ძალიან კარგად აცნობიერებს. ჩვენი შეხსენება ამას არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ომი დაიწყო რუსეთმა, ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვერ დავიწყებდით ომს, მაგრამ ვამბობ, იქამდე როგორ მივედით. როგორ მივიდა სააკაშვილი, როგორ მართეს მათმა გუნდმა დღეს რომ ჯერ კიდევ აქვთ პრეტენზია დაბრუნების. მე ამ კონტექტსში შევეხე ამ თემას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.