ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება
ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის არჩეული პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფიცს ადგილობრივი დროით 14:00 საათზე თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში დადებს და პრეზიდენტობის ახალ ვადას დაიწყებს. ის მანდატს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დროებითი თავმჯდომარისგან, დევლეთ ბაჰჩელისგან მიიღებს.

ფიცის დადების შემდეგ ერდოღანი 15:00 საათზე ანიტკაბირის კომპლექსს ეწვევა, სადაც მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმი მდებარეობს. შემდეგ, 17:00 საათზე საპრეზიდენტო კომპლექსში ინაუგურაციის ცერემონია დაიწყება. ცერემონიის შემდეგ ერდოღანი სტუმრებს სადილზე ადგილობრივი დროით 19:00 საათზე უმასპინძლებს.

ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონიას 78 ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალური პირები დაესწრებიან.