ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყნისა და ხალხის მტრობაა, როდესაც მიზანმიმართულად ებრძვი ეკლესიას, პატრიარქს, პოლიციას, ჯარს, სასამართლოს
ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყნისა და ხალხის მტრობაა, როდესაც მიზანმიმართულად ებრძვი ეკლესიას, პატრიარქს, პოლიციას, ჯარს, სასამართლოს

მიზანმიმართულად როცა ებრძვი ეკლესიას, პატრიარქს, ინსტიტუტებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს – პოლიციას, ჯარს, სასამართლოს, ამის უკან დგას ერთადერთი მიზანი, მიზანმიმართულად დაანგრიონ ყველა ინსტიტუტი და არც ერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ქვეყნის მტრობაა.

„ჩვენმა წინაპრებმა გმირობით, თავგანწირვითა და თავდადებით მოიტანეს ჩვენი სამშობლო, ათას და მილიონობით ქარტეხილს გაუძლო ჩვენმა ერმა. ამ ათას ბრძოლაში გამობრძმედილი ხალხი მოვიდა დღევანდელობამდე და მოიტანა ის მიწა-წყალი, ტერიტორია, რომელიც ჩვენ გვაქვს, და მთავარი – ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ინსტიტუტები, ოჯახის ინსტიტუტი და ყველა ის ფასეულობა, ტრადიცია, რომელიც ჩვენს იდენტობას გამოკვეთს და ამით გამოგვარჩევს სხვა ერებისგან. როცა ამას მიზანმიმართულად ებრძვი, მიზანმიმართულად ებრძვი ეკლესიას, პატრიარქს, ინსტიტუტებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს – პოლიციას, ჯარს, სასამართლოს, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამის უკან დგას ერთადერთი მიზანი, რომ მიზანმიმართულად დაანგრიონ ყველა ინსტიტუტი და არც ერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, არის მტრობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის, მაგრამ, რა თქმა უნდა, მიუხედავად ყველა იმ სიბინძურისა, ყველა იმ ბინძური ცილისწამებისა და კამპანიებისა, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ტელევიზიებმა, გვარამიას მეთაურობით, აწარმოეს ეკლესიის, პატრიარქის, სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიციის, ჯარის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ამის მცდელობა დასრულდა კრახით და ყოველთვის დასრულდება კატასტროფულად კრახით, რადგან სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ხალხის მხარეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.