ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყნის ისტორიაში თუ ვინმე ყოფილა კორუმპირებული ხელისუფლების წარმომადგენელი, ეს არის კეზერაშვილი, ელიტური კორუფციის ფუძემდებელი
ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყნის ისტორიაში თუ ვინმე ყოფილა კორუმპირებული ხელისუფლების წარმომადგენელი, ეს არის კეზერაშვილი, ელიტური კორუფციის ფუძემდებელი

ქვეყნის ისტორიაში თუ ვინმე ყოფილა კორუმპირებული ხელისუფლების წარმომადგენელი, ეს არის კეზერაშვილი, ელიტური კორუფციის ფუძემდებელი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟუერნალისტებს განუცხადა.

„კეზერაშვილმა ჩაიდინა საუკუნის ძარცვა. მთელი ევროპის პენსიონერები გაძარცვა, მილიარდი მოჰპარა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ანტიკორუფციული ბიურო ამოწმებს და მომავალშიც შეამოწმებს ხელისუფლების წარმომადგენლების ქონებრივ დეკლარაციას.

„თითქმის ყოველ წელს ჩემი დეკლარაცია მოწმდება არა მარტო უშუალოდ ბიუროს მიერ, არამედ, იცით, რომ იქ ამის კომისიაა. არცერთხელ არცერთ საკითხზე არ ყოფილა კითხვა, რაზეც მე პასუხი არ გამიცია. კითხვა არ არსებობს უბრალოდ. ჩემს ოჯახს აქვს აბსოლუტურად ლეგალური შემოსავლები, აბსოლუტურად ლეგალური ბიზნესსაქმიანობა. თუ ამის შესახებ დაინტერესდებით, მზად ვარ, მთელი ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუ ნამდვილად ხართ დაინტერესებული, საიდან აქვს მამაჩემს, როგორც თქვენ მოიხსენიებთ, პენსიონერს, თანხა. მამაჩემი, შეიძლება, პენსიონერია, მაგრამ აქვს ოფიციალურ საკუთრებაში მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა და ქონება, რომელიც მან სხვადასხვა საშუალებით შექმნა. თუ ნამდვილად ხართ დაინტერესებული, მზად ვარ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გავუზიარო ეს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია არ არის დამალული, პირიქით, საჯარო ინფორმაციაა. ამიტომ ტყუილის გავრცელებას თავი დაანებეთ“, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.