ირაკლი ღარიბაშვილი - ქუთაისში მალე დავიწყებთ ელექტრომობილების გამოშვებასაც, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, იანვრიდან კი, იგეგმება საჯარო მოხელეების ხელფასების გაზრდა
ირაკლი ღარიბაშვილი - ქუთაისში მალე დავიწყებთ ელექტრომობილების გამოშვებასაც, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, იანვრიდან კი, იგეგმება საჯარო მოხელეების ხელფასების გაზრდა

რაც შეეხება ქუთაისს, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქში უკვე დავიწყეთ „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ურბანული განახლების პროექტები, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება მიმდინარეობს და ამას გავაგრძელებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა ბევრი წელია და ეს ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა.

„ძალიან ბევრი კვალიფიციური საჯარო მოხელე მუშაობს დღეს საჯარო უწყებებში და მათი ხელფასები არ გაზრდილა, უკვე წლებია. ჩვენი გადაწყვეტილებით, იანვრიდან უკვე დავიწყებთ საჯარო მოხელეების ხელფასების გაზრდას, მათ შორის ქუთაისშიც მერს აქვს იდეები და დაგეგმილი პროექტები. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი დაფინანსდება და მინდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ ვთქვა ქუთაისელებისთვის, მოგეხსენებათ, დაახლოებით 2 წლის წინ იყო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ელექტრომობილების წარმოებას, გვყავდა ძალიან სერიოზული ინვესტორი, შემდეგ პანდემიამ შეაფერხა ეს პროცესი და საბოლოო ჯამში ამ პროექტის განხორციელებამ გადაიწია. მინდა, ვაცნობო ქუთაისელებს, რომ ჩემი დავალებით, ჩვენ უკვე განვაახლეთ, დავიწყეთ ახალი მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან, ქარხნის დიდი ნაწილი ჩამოტანილია ადგილზე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროექტი მივიყვანოთ ბოლომდე, იმისთვის, რომ ქუთაისს დავუბრუნოთ ერთ-ერთი მთავარი ისტორიული მისია. აქ ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ ელექტრო ავტომობილების გამოშვებასაც, ამისთვის მე ყველაფერს გავაკეთებ. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, აქტიურად ვიმუშავებ თითოეულ მერთან, ბუნებრივია, მჭიდრო ურთიერთობა მექნება ყველა მუნიციპალიტეტის მერთან და გვექნება ძალიან კარგი კოორდინაცია, რათა ყველა ეს ამბიციური პროექტი და გეგმა განვახორციელოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რაც შეეხება მმართველი გუნდის კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის ოპონენტს, ის არის ხატია დეკანოიძე.

„ქალბატონი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს საერთოდ, რა ხდება ქუთაისში, გავლით არის ნამყოფი ქუთაისში და არავითარი კავშირი, ბმა, ქუთაისთან და ქუთაისელებთან არ გააჩნია. გასაგებია, რა შედეგიც მიიღო, ეს იყო სააკაშვილის დროებითი ეფექტი, თუმცა, ვნახეთ როგორ დასრულდა გენიალურად დაგეგმილი სააკაშვილის ავანტიურა. ციხეში ამოყო თავი და დიდხანს იქნება პატიმარი სააკაშვილი ციხეში და არავინ არის მისი გამომშვები ციხიდან. ვიცი, რომ ქუთაისში დადიან ხატია დეკანოიძის წარმომადგენლები, აბნევენ მოსახლეობას და არწმუნებენ, რომ ერთ კვირაში, გამოუშვებდნენ, ახლა გადაწიეს, ამბობენ ერთ წელს, ორ წელს. მინდა, მივმართო ყველას, რაც დროზე გააცნობიერებენ, რომ მათი ბელადი დიდხანს იქნება ციხეში და დროზე იპოვნიან სხვა საქმეს და სხვა საქმიანობას დაიწყებენ, მით უკეთესი მათთვის, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ, მსგავსი პრეცედენტი დავუშვათ და ეს დამნაშავე კაცი ვადაზე ადრე გამოვიდეს ციხიდან. ეს გამორიცხულია, ისევე, როგორც გამორიცხულია მისი გადაცემა უკრაინისთვის. ეს მეორე საკითხია, რომელსაც ავრცელებენ ჩვენს მოსახლეობაში. ორივე საკითხი ამოწურული და დახურულია და ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დატოვე კომენტარი